დიმიტრი ხუნდაძე - ოპონენტებს ვურჩევდი, კრიტიკა კრიტიკისთვის არ იყოს
ოპონენტებს ვურჩევდი, კრიტიკა კრიტიკისთვის არ იყოს და ეს არ იყოს პოლიტიკური კეკლუცის საგანი, დახმარება არის ის, რასაც დღეს აცხადებს ხელისუფლება, მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი შეეხება როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს, ეკონომიკას.
„დახმარების ერთი პაკეტი შეეხება ერთ ჯგუფს,მეორე – მეორე ჯგუფს და ზოგადად, ვეცდებით, მოვიცვათ და მათი სოციალური მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ასევე გავუფრთხილდეთ ეკონომიკას, რომ არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები და ეპიდემიის დასრულების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ეკონომიკა სასტარტო მდგომარეობას“, – განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება იმ მოქალაქეთა დახმარებას, რომლებიც შესაძლოა, შექმნილი ვითარების გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, ხუნდაძის თქმით, აღნიშნული მონაცემების დათვლასა და შეჯამებას გარკვეული დროს სჭირდება.
„ეს ყველაფერი დათვლადია, მაგრამ ამას სჭირდება დრო, ბევრი არა, მაგრამ დრო მაინც სჭირდება. ეს უნდა დაითვალოს, შემდეგ დაითვალოს ასევე რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გავალთ იმ შესაძლებლობების ზღვარზე, რომ არ დავაზიანოთ ქვეყანა, ბიუჯეტი, ეკონომიკა, რათა შეუქცევადი პროცესი არ მივიღოთ და ასევე, ეს იყოს ზღვარი, რომ თითოეული მოქალაქე არ დადგეს სოციალური რისკის ქვეშ“, – განაცხადა დეპუტატმა.