დიმიტრი ხუნდაძე - ოპონენტებს არ გაუმართლათ, რადგან დასავლეთშიც არაერთი ქვეყანა იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონს, საქართველოსაც სჭირდება კანონი, რომელიც დაიცავს უსაფრთხოებას
ოპონენტებს არ გაუმართლათ, რადგან დასავლეთშიც არაერთი ქვეყანა იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონს, საქართველოსაც სჭირდება კანონი, რომელიც დაიცავს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ ახლად დამტკიცებულმა კანონმა უკვე გამოიღო შედეგი.
„ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჩვენს ოპონენტებს არ გაუმართლათ, რადგან დასავლეთშიც არაერთი ქვეყანაა, რომელიც იღებს ასეთ კანონს. ეს დამატებითი მტკიცებულებაა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დასაცავად არის. საფრანგეთმა რაც მიიღო, ბევრად მკაცრია, ვიდრე ქართული.
თავად საფრანგეთში აცხადებენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მეგობრებიც არამეგობრულად იქცევიან, ამიტომ კანონი უნდა ეხებოდეს ყველას. ყველაში შედის არამტრული ქვეყნებიც, მაგრამ ისინი უშვებენ, რომ რომელიმე ქვეყანა, შესაძლოა, არამეგობრულად მოიქცეს. ამიტომ ქვეყანას შესაბამისი რეაგირების საკანონმდებლო საშუალება უნდა ჰქონდეს. ერთი გამონაკლისია, რომ საფრანგეთის კანონი არ ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებზე, დანარჩენი ვრცელდება ყველაზე. ყველაში შედის ყველა, მათ შორის, ისინი ეყრდნობიან სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციებს, აქვთ კონკრეტული ინფორმაციები და არ მალავენ, ხმამაღლადაც ამბობენ.
ჩვენი კანონი უფრო ლიბერალური, მსუბუქია, მაგრამ საქართველოსაც სჭირდება კანონი, რომელიც დაიცავს თავის უსაფრთხოებას. გამჭვირვალობა არაფრით შეიძლება იყოს არადასავლური, თუმცა ოპონენტები ისევ იყენებენ ერთსა და იმავე ტერმინოლოგიას და ასაბუთებენ იმით, თითქოს აღნიშნული კანონი დასავლეთში შეიძლება იყოს დასავლური და საქართველოში – უპირობოდ რუსული. კითხვაზე, რატომ არის რუსული, მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ – იმიტომ. არავითარი სამართლებრივი პასუხი მათ არ აქვთ.
კანონპროექტის პირველად დაინიცირებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, შემდეგ იყო სამი საკომიტეტო, სასესიო მოსმენა, ვეტოც იყო სამართლებრივი შენიშვნების შემოტანის საშუალება, მზად ვიყავით, ეს შესაძლებლობაც გამოგვეყენებინა, თუ დასაბუთებულ სამართლებრივ შენიშვნებს შემოიტანდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ჩაკეტა. ასე რომ, ძალიან ბევრი დრო, პროცედურული საშუალება იყო. ყველაფერი ნათელია. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჯერ ბოლომდე არ არის ამოქმედებული, მაგრამ, პრაქტიკულად, უკვე მოქმედებს, რადგან მაღალი ხარისხის ლუსტრაცია მოახდინა, თვითლუსტრირების რეჟიმში გადაიყვანა ის აგენტურა, რომელიც ზიანს აყენებდა ქვეყანას, საზოგადოებას, მის უსაფრთხოებას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა.