დიმიტრი ხუნდაძე - ნიკა მელია კანონს პატივს თუ არ სცემს, მისი იმუნიტეტის მოხსნას მხარს დავუჭერ
დიმიტრი ხუნდაძე - ნიკა მელია კანონს პატივს თუ არ სცემს, მისი იმუნიტეტის მოხსნას მხარს დავუჭერ

ნიკანორ მელია თავისი ქმედებით ცდილობს, შეურაცხყოფა მიაყენოს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ღიად, დემონსტრაციულად არ დაიცვას კანონი, რომლის წინაშეც აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად მრწამსისა, თანამდებიბისა და გვარიშვილობისა, ყველა თანასწორია, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ კანონი არავის მხრიდან არ იყოს დარღვეული. როგორც ხუნდაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს პატივს არ სცემს, მისი იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ კანონისმისრი ვალდებულება გვაქვს, რომ არ დავუშვათ არავის მხრიდან კანონის დარღვევა. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა, მაშინ ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს. თუ არადა, მაშინ ჩვენ თვითონვე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ ქვეყნის სამართლებრივი ფუნდამენტური საფუძველი.

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკანორ მელია სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს პატივს არ სცემს და კანონის წინაშე ის თავის თავს პრიორიტეტულად მიიჩნევს, რა თქმა უნდა, მივიღებ გადაწყვეტილებას. მხარს დავუჭერ, რომ მისი იმუნიტეტი იქნას მოხსნილი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე: „ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები“, ხუნდაძემ განაცხადა, რომ მას არც ერთ შემთხვევაში მოლოდინი არ აქვს, რომ  ოპოზიცია კონსტრუქციული გახდება.

„მე არც ერთ შემთხვევაში არ ველოდები, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული გახდება, რადგან მთელი ამ წლების მანძილზე მათი ქცევა არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ სხვანაირად ვიფიქრო. ველოდები, ისინი დესტრუქციულ გზას აუცილებლად გააგძელებენ. მაგრამ ისინი ამას გააგრძელებენ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.