დიმიტრი ხუნდაძე - კანონპროექტი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს და არა - ზრდას
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს და არა – ზრდას, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მეცნიერებათა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, ამიტომ დოკუმენტი არამხოლოდ პარლამენტში უნდა განიხილონ, არამედ გაითვალისწინონ საზოგადოებრივი აზრი.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ღირს, რომ კანონპროექტისთვის მეტი დრო დაიხარჯოს.
„ჩვენ უნდა გადავხედოთ ნარკოპოლიტიკას, მაგრამ ის უნდა იყოს თანმიმდევრული, ადეკვატური და ეფექტური. ვფიქრობ, ღირს ამ კანონპროექტისთვის მეტი დრო დავხარჯოთ, რათა საზოგადოებაშიც იყოს აზრი შეჯერებული.
ვფიქრობ, პოზიციების შეჯერება შესაძლებელია, მაგრამ მთავარია, წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეიცავდეს რისკებს და ემსახურებოდეს ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას და არა პირიქით – გაზრდას.
ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება კონკრეტული ვადების დადგენა, იმდენი დროა საჭირო, რამდენიც კანონპროექტის დახვეწას დასჭირდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო. ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო. არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე.
რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.
აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე. ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე.
იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.