დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი პარტია და უნდა გასამართლდეს, ვიდრე პასუხს არ აგებენ, არაფერი ეშველება ჩვენს ქვეყანას
მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 7 ნოემბერი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სახეა.
როგორც ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, შეუძლებელია, დღევანდელი დღე გახსოვდეს და კვლავ წარსულში დაბრუნება გსურდეს.
„7 ნოემბრის მესვეურებთან რამდენად შესაძლებელია დეპოლარიზაცია, უნდა ხვდებოდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ისიც ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ დემოკრატია არ არის სიტყვის თავისუფლების ჩახშობა, დამოუკიდებელი ტელევიზიისა და მშვიდობიანი მიტინგის დარბევა. როდესაც ამ რეჟიმის მაშინდელ მესვეურებსა და დღევანდელ ოპოზიციურ ლიდერებს ზოგიერთ ქვეყანაში დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის აჯილდოებენ, საზოგადოებისთვის ამის ახსნა შეუძლებელია.
7 ნოემბერი არის სახე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისა. ეს ტკივილი ერთხელ უკვე ნახა ქართველმა ხალხმა და მეორედ ამის სურვილი აღარავის აქვს. ამიტომ არის რადიკალიზმი ოპოზიციისთვის ბრძოლის მთავარი იარაღი, თუმცა უშედეგოდ. შეუძლებელია, დღევანდელი დღე გახსოვდეს და კვლავ წარსულში დაბრუნება გსურდეს. 11 წლის წინ ის სისხლიანი დღეები ჩვენ წარსულს დავუტოვეთ და პირობა მივეცით ხალხს, რომ აღარასდროს დავუშვებდით ამის განმეორებას. რეალურმა დემოკრატიამ სწორედ 2012 წლიდან დაიწყო შენება საქართველოში და ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და არა ყალბი ღირებულებებით შეფუთული ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი.
გუშინ მოვისმინეთ „ნაციონალების“ განცხადებები. როგორ ბედავენ ხმის ამოღებას იმ ყველა უბედურების შემდეგ, რაც მათ მოუტანეს და დამართეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს? იმიტომ ბედავენ ხმის ამოღებას, რომ სათანადოდ არ დაისაჯნენ და პასუხი არ აგეს ასეთ უბედურებაზე. ესენი ყველანი დამნაშავეები არიან, ეს პარტია არის დანაშაულებრივი პარტია და ყველა უნდა გასამართლდეს. ვიდრე პასუხს არ აგებენ, არაფერი არ ეშველება ჩვენს ქვეყანას“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.