დიმიტრი ხუნდაძე მრავალშვილიანთა სტატუსის შესახებ კანონპროექტს წარადგენს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მრავალშვილიანთა სტატუსის შესახებ კანონპროექტს დღეს მრავალშვილიან მშობლებს წარუდგენს.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კანონპროექტი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასა და მათთვის სოციალური პაკეტის მომზადებას ითვალისწინებს.
მრავალშვილიანის სტატუსი მიენიჭებათ იმ ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ.
ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც, ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, უკვე შეთანხმებულია ფინანსთა სამინისტროსთან, ელექტროენერგიის სუბსიდირებაა. ინიციატივის მიხედვით, ოთხშვილიან ოჯახებს ყოველწლიურად მხოლოდ ელექტროენერგიაზე 240-ლარიანი სუბსიდია მიეცემათ, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 120 ლარი დაემატებათ.
„კანონპროექტის მიხედვით, მრავალშვილიან მშობლად ჩაითვლება ოჯახი, რომელსაც ჰყავს თვრამეტ წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი. სოციალური მხარდაჭერის პროგრამები გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებას. ეს არის საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული. ასევე, ერთ-ერთი ინიციატივაა ელექტროენერგიის სუბსიდირება ასეთი ტიპის ოჯახებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.