მრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭებათ, ისინი სოციალურ დახმარებას მიიღებენ
სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება, რომლის საშუალებით აღნიშნული კატეგორიის ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს.
როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, კანონპროექტის მიზანი, სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა.ა მისი განმარტებით, მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება.
„კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე – დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით, (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12 369 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად, დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება”, – აღნიშნა ხუნდაძემ.
ამასთან, კანონმდებლის თქმით, შეღავათი დაუწესდებათ ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, სარეიტინგო ქულა 300 000 ან ნაკლებია.
„კანონპროექტით მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს 2018 წლის 1-ელ ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საკითხზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის მხოლოდ 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ”, – განაცხადა ხუნდაძემ.