დიმიტრი ხუნდაძე - მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება?
დიმიტრი ხუნდაძე - მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება?

მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება? – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მისამართით კრიტიკა იმ შემთხვევაში იქნება ობიექტური, თუ ის ოპოზიციის ზრახვებს აყვება და მოსახლეობას არ დაიცავს.

„ოპოზიციის სურვილებსა და ზრახვებს თუ ავყვებით, ალბათ, „კოვიდ 19“-ის ბრძოლის გზაზე ეს პოზიტიური შედეგიც არ უნდა დაგვედო, რომ მათ ხელისუფლების მიმართ ბრალდებები უფრო მაღალ ტონალობაში გაეჟერებინათ. სოციალური დახმარებები და პანდემიის პოზიტიური შედეგი მათ დესტრუქციულ გეგმას წინ ეღობება. ოპოზიციის განწყობებზე, სურვილებსა და ზრახვებზე რომ ავეწყოთ და მოსახლეობა არ დავიცვათ, ალბათ, მაშინ იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ობიექტური. მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება?“- განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ეპიდსიტუაციის გამო ტურიზმის აღდგენა ვერ მოხერხდა, საჭირო გახდა ხელისუფლებას სოციალური დახმარების შემდგომი ეტაპი დაეწყო.

„საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ პოზიტიური, სხვებისგან გამორჩეული შედეგი დავდეთ, შესაძლო მეორე ტალღა არის საყურადღებო. გარდა იმისა, რომ დავიცავით მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეს შედეგი ბოლომდეა მისატანი. ასევე, მნიშვნელოვანია კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მათი მხარდაჭერა. ამიტომ, იყო ფინანსური დახმარებების პირველი ეტაპი, ეს იქნებოდა კომუნალური გადასახადები თუ სხვა დახმარებები. დღეს არის უკვე მეორე ეტაპი. იყო მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნებოდა პოზიტიური ეპიდვითარების გამო ტურიზმი ამოქმედებულიყო, გახსნილიყო სხვადასხვა საწარმო და ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალ ნიშნულზე ასულიყო, მაგრამ მოსალოდნელმა მეორე ტალღამ ეს მოლოდინები შეცვალა. ამიტომ ამ ეტაპზე აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული ოჯახის და განსაკუთრებით, იმ მიზნობრივი ჯგუფების დახმარება, ვისაც ამ ვითარებაში ეს აუცილებლად ესაჭიროება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.

17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.

150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.