დიმიტრი ხუნდაძე - მოგმართავთ თხოვნით, დაიცავით ბავშვთა უფლებები და საზოგადოების ინტერესები
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„განსაკუთრებით მძიმეა, როცა სუიციდის შემთხვევა ეხება მოზარდს და ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ თუ ემოციები უმართავი გახდა, შესაძლოა, ამან უარესი რეალობის წინაში დაგვაყენოს. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირია და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა და ამ ემოციით საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მცდელობა, რაც ამავე საზოგადოებისთვის სახიფათოა.
ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა, დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას და შესაძლოა, ეს მდგომარეობა ვიღაცისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს.
ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არის დაზღვეული, არც ერთი ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და თუ ვინმეს ამ მდგომარეობამდე მიყვანაში ედება ბრალი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მინდა, მოგმართოთ თხოვნით მედიასაშუალებებსაც და საზოგადოების წარმომადგენლებსაც, დაიცავით ბავშვთა უფლებები და საზოგადოების ინტერესები. ამად არანაირი პოლიტიკური სარგებელი არ ღირს.
ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ის თუ პოლიტიკოსი ან პოლიტიკაში შემოსასვლელად ემზადება, სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწაფით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბავშვს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.