დიმიტრი ხუნდაძე - მინდა, მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს ძველი ღირებულებების დაბრუნებას და სხვა სახელმწიფოებთან სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას
მინდა, მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს ძველი ღირებულებების დაბრუნებას და სხვა სახელმწიფოებთან სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მათგანაც მოუწევს თავის დაცვა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა.
„როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები ანადგურებენ მათ იმედებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირი თავისი დაარსების დღიდან პირველად დადგა ასეთი გამოცდის წინაშე და პირველადვე ვერ გაუძლო და ეს უფრო ღრმა დეპრესიას ჰგავს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია, ოღონდ არა სამარცხვინო რეზოლუციებით და ორმაგი სტანდარტებით, არამედ საკუთარი ღირსების წარმოჩინებით და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებით.
„ის, რომ რთული ვითარებაა მსოფლიოში, სადავო არავისთვის აღარ არის. ახლა ჩვენ ვდგავართ ომისა და მშვიდობის ტესტის წინაშე. ის, რომ ოკუპაცია, აგრესია და სამხედრო ინტერვენცია მიუღებელია, ვთანხმდებით ყველა. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მისმა განაცხადმა ყური მოსჭრა ბევრს ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, მაგრამ დამერწმუნეთ, სულ ცოტა ხანში სხვა ლიდერებიც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ შეიარაღებაზე ზრუნვას მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულის შენატანი სჯობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატის განცხადებით, ამ ომმა ნათლად აჩვენა წარსული შეცდომებიც და რეალური ზრახვებიც შიგნით თუ გარეთ: „ვის რა მიზანი აქვს და ვინ რისთვის იბრძვის, ვინ ვის რისთვის სჭირდება და ვინ ვისთვის რას იმეტებს, ზედაპირზე დევს. 2008 წელს მოჰყვა 2014. დასავლეთმა ესეც გაატარა და დღეს მთელი უკრაინა ომშია გახვეული. ნატო-შიც და ევროკავშირშიც ღიაა კარი, მაგრამ ჩვენ ისევ კარს მიღმა ვდგავართ. ამ ლოდინში კი ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და დროებით, მაგრამ დავკარგეთ. მაშინაც ვიომეთ, მაგრამ არავისთვის არ გვითხოვია ჩვენს ომში ჩართვა, არც სანქციებით მოუკლავს თავი მსოფლიოს. სამაგიეროდ, ახლა გვთხოვენ ომსაც და სანქციებსაც“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ომმა ყველაფერი ნათლად წარმოაჩინა – „წარსულიც და დღევანდელობაც, მომავალი კი ბუნდოვანია.“
„რუსეთი – უფრო აგრესიულად, ევროპა კი დეპრესიულად გამოიყურება და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სამწუხაროა, რომ მსოფლიო და, მათ შორის, ევროპა გარკვეულ საკითხებში არა განვითარების გზით, არამედ დაღმასვლით მიდის. ორმაგი სტანდარტები ყოველდღიური მოხმარების იარაღად იქცა. უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ეს ეხება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.