დიმიტრი ხუნდაძე - მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ, გამოვიყენოთ უსაფრთხო მისალმება საკუთარ გულზე ხელის დადებით
მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ ყველას, გამოვიყენოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება საკუთარ გულზე ხელის დადებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ წესით ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობასაც დაიცავს და სხვებსაც.
„მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ ყველას, მათ შორის საზოგადოებასაც, რომ ჩვეული ტრადიციული წესიდან გამომდინარე, ვგულისხმობ მისალმებას ხელის ჩამორთმევით და გადახვევით, გთხოვთ, დროებით შევაჩეროთ ასეთი წესი, გამოვიყენოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება საკუთარ გულზე ხელის დადებით.
ამით ჩვენ დავიცავთ საკუთარ ჯანმრთელობასაც და დავიცავთ სხვა პიროვნებასაც და ხელს შევუწყობთ, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და ინფიცირება. გთხოვთ, ეს წესი გავითვალისწინოთ, რამეთუ ყველაზე აქტიური გავრცელების საშუალება არის სწორედ ხელის ჩამორთმევა და ახლო კონტაქტი“, – განაცხადა ხუნდაძემ.