დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილს დღეში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს, ამ ფონზე ვერავინ აიღებს გარანტიას, რომ რომელიმე მათგანი საფრთხის ქვეშ არ დააყენებს მის უსაფრთხოებას
დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილს დღეში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს, ამ ფონზე ვერავინ აიღებს გარანტიას, რომ რომელიმე მათგანი საფრთხის ქვეშ არ დააყენებს მის უსაფრთხოებას

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად შემოიყვანეს და ეს სპეცოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

„როგორც ჩანს, ვერ ახერხებენ სააკაშვილისთვის მიცემული გარანტიების შესრულებას, რომ მას გაიყვანდნენ და დააბრუნებდნენ იქ, საიდანაც შემოვიდა. ამიტომ იზრდება იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერზე საუბარს დაიწყებს. გარდა ამისა, ფაქტები მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის თაობაზე ძალიან ბევრი იცის და შესაძლოა, დაიწყოს საუბარი, რაც ბევრს არ აწყობდეს – მაგალითად, ხომ არ იყო 2008 წლის ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის ზავის დადების გარიგება, რომ სამ დღეში საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე ინტერესების გადანაწილება მოხდა? თუ სააკაშვილის პატრონებმა ასეთი რისკფაქტორები რეალურად დაინახეს, იზრდება ალბათობა, რომ მათი მხრიდან, შესაძლოა, ოქროს მოწმის თავიდან მოცილების პერსპექტივა დადგეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „სააკაშვილის მოცილების შემთხვევაში, დგება დამატებითი რისკი, რადგან ჩაითვლება, რომ მას ხელისუფლებამ ვერ მოუარა და მის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა“.

ხუნდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღეში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს და ამ ფონზე ვერავინ აიღებს გარანტიას, რომ რომელიმე მათგანი მის უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის.

„სააკაშვილის პატრონებში ვგულისხმობ აგენტოკრატიის არცთუ მცირე ჯგუფს, რომელიც ხშირად ომის რიტორიკას აღვივებს. მათი მიზანია, ქვეყანაში პოლიტიკის იმდაგვარი დალაგება მოხდეს, რომ საქართველო გარე დაკვეთებს ასრულებდეს და პრიორიტეტად საკუთარი ინტერესების დაყენების უფლება არ ჰქონდეს.

მიხეილ სააკაშვილს დღეში რამდენიმე ვიზიტორი ჰყავს, მისი პალატა პოლიტიკურ ოფისად იქცა. ამ ფონზე, ვერავინ აიღებს გარანტიას, რომ რომელიმე ვიზიტორი საფრთხის ქვეშ არ დააყენებს თავად სააკაშვილის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.