დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
დიმიტრი ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხუნდაძემ განუცხადა, აღნიშნულ ჯგუფში შევლენ თავად მიხეილ სარჯველაძე, სახალხო დამცველი და ექიმები. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ჯგუფი როდის მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტული დრო დღეს დაზუსტდება.

„შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მის უფლებრივ მდგომარეობას. ამ ჯგუფში ჩაერთვება სახალხო დამცველი და იქნება ექიმთა მულტიფუნქციური წარმომადგენლობაც. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შემუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით. ასევე, სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და სპეკულაცია არ იყოს. დღეს დავიწყებთ მუშაობას და კონკრეტულ დღეს დავგეგმავთ, როდის ვესტუმრებით სასჯელაღსრულების სისტემას, რათა მიხეილ სააკაშვილი მოვინახულოთ და ამ პროცესის შესწავლა დავიწყოთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.