დიმიტრი ხუნდაძე - მაიდნის გზა მიდის ომამდე, ჩვენ სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით, რათა ისინი ცეცხლისა და ომის მსხვერპლი არ აღმოჩნდნენ
მაიდნის გზა მიდის ომამდე, ჩვენ სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით, რათა ისინი ცეცხლისა და ომის მსხვერპლი არ აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალგაზრდებს თავიანთ მშობლებთან დაპირისპირებისკენ უბიძგებს.
„ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, მიუღებელია. ახალგაზრდებს ახალისებენ, უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მოახდინონ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ზეწოლა. თუმცა ეს მახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისათვის,“ ის თაობათა შორის დაპირისპირებას იარაღად იყენებდა მაშინაც, როდესაც იყო პოზიციაში. გახსოვთ, როდესაც უფროსი თაობა, მშობლების თაობა ჩარეცხილებად გამოაცხადა. ის ამას აკეთებს დღესაც, ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ მშობლების თაობას დაუპირისპირდნენ. ასევე ეძებენ ახალგაზრდებს საკუთარ მშობლებთან დასაპირისპირებლად, ჩვენ ვნახეთ ასეთი განცხადებები და ქუჩებში, კედლებზე წარწერები. მოკითხულია ჩვენი დეპუტატების შვილები, სად სწავლობენ, მუშაობენ, ცხოვრობენ, რათა შვილები მშობლებს დაუპირისპირონ, ეს დაუშვებელია, ამავე დროს სახიფათო“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივნის განცხადებით, მაიდნის გზა ომამდე მიდის, ამდენად ეს დაუშვებელია.
„ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ, სამართლებრივ სახელმწიფოს და არა მორჩილ და უსამართლო სახელმწიფოს, რომელშიც თაობათაშორისი ურთიერთობა იქნება მთავარი ინსტრუმენტი და ვერ მოემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ის მოემსახურება აგენტურის მიზნებს, რომელიც დიდ ფულით არის დაფინანსებული. მერწმუნეთ, ეს საკითხები ორ თვეში, როდესაც კანონი საბოლოოდ ამუშავდება, დაცული იქნება. მანამდე ასეთი ტიპის დამკვეთებს, აგენტურას მოეთხოვება სამართლებრივი პასუხი, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მივიდეს მაიდანიზაციამდე, ასეთი მოწოდებები ჩვენ ვნახეთ მთავარ პოლიტიკურ მოედანზეც. ეს არის დაუშვებელი, რადგან მაიდნის გზა მიდის ომამდე. ჩვენ სწორედ ახალგაზრდებისთვის ყველაზე მეტად ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლნი. ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. სამართალმა თავისი აუცილებლად უნდა თქვას“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.