დიმიტრი ხუნდაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში იმედისმომცემი მდგომარეობაა, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს
რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით სახელმწიფო აკეთებს და რა რეკომენდაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა, აუცილებელია, სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებული იყოს, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას და არ დავაზიანოთ საკუთარი თავი და სხვა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საბედნიეროდ, ჩინეთში სიტუაცია რადიკალურად უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩინეთის გარეთ რადიკალურად უარესდება – მატულობს ლეტალობის შემთხვევები და დაინფიცირებულთა რაოდენობა.
„ამ თვალსაზრისით საქართველოში ამ ეტაპისთვის იმედისმომცემი მდგომარეობაა, მაგრამ ეს სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, რადგან იზოლირებული ვერ ვიქნებით. შეკავება უნდა მოვახერხოთ და როგორც ხედავთ, ვახერხებთ კიდეც. შიდა გავრცელების არსებობს საფრთხე და ამის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ძალიან მკაცრად ვასრულებთ, თუმცა, გვაქვს ჩვენი დამატებით შიდა რეკომენდაციები. ზოგჯერ ვასწრებთ კიდეც სხვა ქვეყნებს გარკვეული მკაცრი რეგულაციების შემოღებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.