დიმიტრი ხუნდაძე - კოჰაბიტაცია იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით, მიუღებელია
ჩვენი და საზოგადოების ძირითადი ოპონენტი არის ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს „ევროპული თუ აზიური ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, 2012 წელს ორ ათეულზე მეტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იჯდა პარლამენტში, დღეს კიდევ უფრო მეტია.
„რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვენ არ შემოგვიყვანია, ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაც. ჩვენი პასუხისმგებლობაც დიდია, განსხვავებულად დიდი, ვიდრე უბრალო მოქალაქის, რადგან ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და პოლიტიკას ჩვენ წარვმართავთ. ჩემი და თითოეული გუნდის წევის პასუხისმგებლობა არის ათჯერ მეტი, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენას, მხოლოდ საზოგადოება ვერ გააკეთებდა, ჩვენი ბრალეულობაცაა. ჩვენ იმ ხარისხში, რა ხარისხშიც შევპირდით საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას, ვერ მოვახერხეთ. ბევრი რამ დავიწყებას არის მიცემული, მაგალითად ადამიანებზე ქუჩაში განაჩენის გამოტანა, მაგალითად ღამით ბიზნესების გადაფორმება, მაგალითად ის, რომ ყველანი ციხეში შეძახილით და რაც ვთქვი, საუბედურო სტატისტიკა, საბედნიეროდ დღეს აღარ გვაქვს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ბევრი რამ კიდევ არის შესაცვლელი.
ხუნდაძის განცხადებით, სიძულვილის ენა ეს არის მიუღებელი და საქართველოში არ შეიძლება იყოს მზაობა იმდაგვარი, რომ მოქალაქეობრივ დაპირისპირებამდე მივიდეთ.
„კოჰაბიტაცია იმ ხარისხში, რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით, გარკვეულწილად მიუღებელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება და მსხვერპლი.
„სამწუხაროა, რომ მშვიდობიანი აქცია შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში, მაგრამ რა თქმა უნდა მე, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს, მაქვს მეტი ინფორმაცია. მინდა გითხრათ, ჩვენ თავიდან ავიცილეთ სახელმწიფო გადატრიალება და თავიდან ავიცილეთ მსხვერპლი. ეს პროცესი კიდევ უფრო მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს არ იყო შემთხვევითი. ეს ჩემი ღრმა რწმენით მაინც მოხდებოდა, რადგან მათი გეგმა ხელისუფლებაში მოსვლის არის მხოლოდ დესტრუქციული ხასიათის. ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანებს „ევრო-ნაცები“ არიან თუ “ნაცები“, ერთ პოლიტიკურ ყალიბს გულისხმობს ხალხი, რომლის ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი. მათი სტრატეგია იყო, რომ გაიყვნენ „ნაცებს“ „ევრო-ნაცები“ გამოეყვნენ. მე ადრეც აღვნიშნე და ასეთი შეფასება გავაკეთე, რომ ვერცხლის წყალივით დაიფანტნენ ალბათ ეს მათი ტაქტიკური სვლა იყო და ვხედავთ, რომ ისევ ვერცხლის წყალივით შეერთდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე.
„საზოგადოებამ იხილა ჩაფხუტების წართმევა, ქვების სროლა, რკინის კონსტრუქციების დაშლა, შეტაკება და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგონა, როგორ აგინებდნენ პოლიციელებს და ემუქრებოდნენ, როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ. ახალგაზრდებმა, ვინც იყვნენ გულწრფელები, მათ არ მიუშვეს პოლიტიკოსები სცენაზე, მათ არ მისცეს მიკროფონი, მათ არ მისცეს ასპარეზი, გვიან საღამოს უკვე, როცა ამ გულწრფელმა ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი, შემდეგ დაბრუნდნენ სახლში. ის აგრესიული ძალა,პროტესტანტების ჯგუფის ერთი ნაწილი იყო მართვადი, ეს გულწრფელი დამოკიდებულება გამოიყენეს და ჰქონდათ მცდელობა, შეჭრილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. თქვენ ნახეთ სცენა, ვიდრე დაიწყებოდა ძალადობრივი შეხლა-შემოხლა ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე და მათ სანტიმეტრი არ გადმოუგდიათ წინ. თქვენ ნახეთ ჩაფხუტების წართმევა, ქვების სროლა, რკინის კონსტრუქციების დაშლა, შეტაკება. ვნახეთ, როგორ გამოყავდათ პოლიციელები კორდონიდან და ცოლ-შვილს აგინებდნენ და ემუქრებოდნენ, როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, მერე ენახათ მათი სურათი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.