დიმიტრი ხუნდაძე - ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისთვის ყველაფერს აკეთებს
მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისევ კოვიდის გამოწვევის წინაშე დგას.
მისი თქმით, არასახარბიელო მდგომარეობაა სამეზობლოშიც. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდება.
„პანდემია არის საერთო პრობლემა, რომელიც ეხება ყველა ქვეყანას, ყველა ეთნიკურ წარმომავლობას, ყველა პოლიტიკური მრწამსის პირებს. ის პრაქტიკულად ყველას თანაბრად აზიანებს, კოვიდი აზიანებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც. დაახლოებით, 218 ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება. შესაბამისად, საკმაო რყევებს განიცდის ამ ქვეყნების ეკონომიკები და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკა. საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა დასავლეთ ევროპაშიც, სადაც დღითიდღე მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე, მატებაშია ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში, განსაკუთრებით, გამოირჩევა აჭარა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დასტაბილურდეს ეპიდვითარება. საკოორდინაციო საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სიტყვით გამოსვლისას ხუნდაძენ ასევე, უპასუხა საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას იმის შესახებ, რატომ არ იღებს სახელმწიფო მკაცრ ზომებს ახლა, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მისი განმარტებით, დღეს საქართველო ბევრად უკეთ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად, ვიდრე აქამდე.
„ვფიქრობ, რომ ეს სწორია და ასე იქცევა მთელი მსოფლიო. მიზეზი ის არის, რომ როდესაც საწყის ეტაპზე, ქვეყნები ამისთვის არ იყვნენ მზად, იყო უარესის მოლოდინი. უარესის მოლოდინი იყო საქართველოშიც, როდესაც ვუყურებდით, რა ხდებოდა ევროპაში – ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში, როცა სიკვდილობის საერთო მაჩვენებელი იყო 7 პროცენტი და ზოგიერთ ქვეყანაში ის აღწევდა 13-15 პროცენტს. მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველო დღეს უკეთ არის მზად, ვიდრე ეს აქამდე იყო. შესაბამისად, უარესის მოლოდინი დღეს ნამდვილად არ გვაქვს. დღეს აღარ არსებობს იმ აუცილებელი საჭიროებების დეფიციტი, რაც მანამდე შეინიშნებოდა, მაგალითად, ნიღბები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
ასევე, კლინიკებსაც აქვთ უფრო მეტი გამოცდილება, თუ როგორ მართონ მძიმე პაციენტი. სიკვდილიანობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს. ვფიქრობ, პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ზოგი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა შეიტანოს და ეს დაუკავშიროს არჩევნებს.