დიმიტრი ხუნდაძე - ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს
ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, მოსახლეობას სიფრთხილე მართებს.
„ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. საკმაოდ საყურადღებოა ვითარება საქართველოშიც, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო პრემიერი ხელმძღვანელობით თავიდანვე მოქმედებს გადაუდებლად, ეფექტიანად და პრევენციულად.
„ამავე დროს, ჩვენ მოვიგეთ დრო. ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ, რათა ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისთვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე „პისიარ“ ტესტის გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8 000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი, საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა კლინიკური შემთხვევების მართვის კუთხითაც.
„თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში, დღეისთვის კოვიდინფიცირებულთა ანუ პაციენტების სამკურნალოდ ჩართულია 20-ზე მეტი კლინიკა და 2 400-მდე გაიზარდა საწოლფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80 პროცენტი, ასევე მზადყოფნაშია ოთხი სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალურ მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ეპიდემიოლოგები, ექიმებმა და ექთნებმა, როგორც ჰოსპიტლებში, ასევე პირველადი ქსელში გაიარეს გადამზადება კოვიდის დიაგნოსტიკის, ინფექციის კონტროლისა და მართვის სფეროში.
„გადამზადებულია 2 500-მდე სოფლისა და ოჯახის ექიმი. 43 კლინიკაში მოხდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება მძიმე შემთხვევების მართვაში, რამაც შესაძლო გახადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ყველაზე რთული შემთხვევების წარმატებული მართვა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში არის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ასევე, მზადყოფნაშია სასტუმროები, რომლებიც რამდენიმე დღეში მიიღებენ უსიმპტომო და ე.წ. მსუბუქ პაციენტებსაც, რომლებიც ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სისტემა მზად არის, დაძლიოს კრიზისი და ხელისუფლების მთავარ ამოცანად ისევ რჩება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა, მაგრამ მოქალაქეებისა და საზოგადოების როლი შეუცვლელია.
„მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან წესები, რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საკოორდინაციო საბჭო. აუცილებელია, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში და ასევე, ღია სივრცეში, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე. მინდა, ვთხოვო მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან, მით უმეტეს, გადაკოცნისგან. შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა, სხვისგან მივიღოთ ვირუსი ან სხვას გადავცეთ ის და მოვახდინოთ დაინფიცირება. ამიტომ, გაუფრთხილდეთ ყველას და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სამი ძირითადი მიზანი: შეინარჩუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დაუბრონოს სასტარტო მდგომარეობას, რომ არ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, მესამე მიზანი შეეხება არჩევნებს.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი. ახლოს არის არჩევნები და ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ვალდებულება ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ ჩვენ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში და ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ქვეყანას არჩვენების შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.