დიმიტრი ხუნდაძე - კელი დეგნანის დაგვიანებულმა პასუხმა დაკარგა სანდოობა, რადგან მანამდე თავი აარიდა ამ პასუხს, ამიტომ მისი შემდგომ დაფიქსირებული პოზიციის დამაჯერებლობა ნაკლებია
დიმიტრი ხუნდაძე - კელი დეგნანის დაგვიანებულმა პასუხმა დაკარგა სანდოობა, რადგან მანამდე თავი აარიდა ამ პასუხს, ამიტომ მისი შემდგომ დაფიქსირებული პოზიციის დამაჯერებლობა ნაკლებია

საქართველოს პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულმა გუშინდელმა წერილმა პრაქტიკულად ყველაფერს ფარდა ახადა.

ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კელი დეგნანის პასუხი არის დაგვიანებული, რის გამოც ამ პასუხმა დაკარგა სანდოობა.

ამავდროულად, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყნის წინაშე საფრთხეები არის რეალური და საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით მათი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს თავისი აუცილებელი ადგილი, მისი გადაწყვეტილება იყოს დამყარებული სწორ ინფორმაციაზე.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომ „ქვეყნისთვის ხიფათის არიდების პროცესში მიიღოს მონაწილეობა“.

„ძალიან ბევრმა კითხვამ და მასზე ნაკლებმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ საფრთხეები არის რეალური. გუშინდელმა წერილმა, რომელიც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ფარდა ახადა პრაქტიკულად ყველაფერს. ქალბატონი კელი დეგნანის დაგვიანებული პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა დაადასტურა მან, რომ ეს შეხვედრა რეალურად შედგა, მან დაკარგა ფასი და სანდოობა, რამეთუ მანამდე დასმულ კითხვაზე მან თავი აარიდა ამ პასუხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, დამაჯერებლობა მისი შემდგომ დაფიქსირებული პოზიციის, ნაკლებია.

საფრთხეების რისკი რომ იზრდება, ამაზე მეტყველებს წერილის შინაარსიც, როცა ბატონი ბიძინა ამბობს, რომ საფრთხეები არის რეალური და საზოგადოება უნდა იყოს მეტად ფხიზლად. ჩვენი გადაწყვეტილება, შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, არის სწორედ ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს თავისი აუცილებელი ადგილი, მისი გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული სწორ ინფორმაციაზე, რასაც ემსახურება სწორედ ჩვენი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები. თქვენ ხედავთ, რომ რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. დიდი ქვეყნები დიდ პოლიტიკურ თამაშში არიან ჩართული, არის პატარა ქვეყნების რისკი. აქედან და კიდევ სხვა დამატებითი რისკებიდან გამომდინარე, საქართველოს საფრთხეები კიდევ უფრო მეტად იზრდება. ამიტომ მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში ვერ იქნება დაზღვევის მექანიზმები შემუშავებული, მითუმეტეს, როცა პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ აქტიურობს დესტრუქციული ოპოზიცია. ამიტომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი უცვლელი და ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომ მიიღოს სწორედ ამ პროცესებში, ანუ ქვეყნისთვის ხიფათის არიდების  პროცესში მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულება არის უცვლელი იმ გადაწყვეტილებასთან, რაც საზოგადოებამ მიიღო. ეს არის დასავლური ორიენტაცია, მაგრამ ასევე დასავლური ღირებულებები გვკარნახობს, რომ პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში არსებობს კულისები, არსებობს საჯარო პოლიტიკაც, მაგრამ დღეს, როგორც ვხედავთ, ჭარბობს კულისებში მიმდინარე პროცესები, რომელიც მეტად ზრდის ამ რისკებს. ამიტომ კულისებში მიმდინარე საკითხები, პროცესები, რომლებიც პირდაპირ ხიფათს უქმნის ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას, უნდა გახდეს საჯარო პოლიტიკის ნაწილი. საზოგადოებრივი მოძრაობის ძირითადი მიზანი იქნება სწორედ ეს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას საზოგადოებასთან და ვთხოვდი ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ დარჩეს ზედმეტი ეჭვები და სპეკულაციის საგანი, რომ არ დარჩეს ბუნდოვანი საკითხები და რისკები არ დარჩეს რისკებად, ყველა დასმულ კითხვაზე უნდა იყოს პასუხები გაცემული. კითხვა ვისი მისამართითაც არის დასმული, სწორედ ამ მიმასამართზე უნდა იქნას პასუხი გაცემული.  წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება ეჭვები“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილმა როგორც დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი. შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“.