დიმიტრი ხუნდაძე - კელი დეგნანი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა
დიმიტრი ხუნდაძე - კელი დეგნანი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს, რაც ძალიან სამწუხაროა

ვფიქრობ, კელი დეგნანის დიპლომატიური ენა აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს, მან დაიწყო საუბარი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ენით და მისი მესიჯბოქსი არის წინა პლანზე წამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კელი დეგნანს კითხვებზე პასუხები არ აქვს.

„კელი დეგნანმა განაცხადა, თითქოს არ გვიცნობს. ვფიქრობ, რომ მისი ყოველდღიური მეხსიერებიდან ჩვენ არ ამოვდივართ, მაგრამ ჩვენს ურთიერთგანსხვავებაში არ არის საქმე. ვფიქრობ, რომ მისი დიპლომატიური ენა აბსოლუტურად სცდება აქამდე ყველასათვის დადგენილ სტანდარტს. ის ამბობს, რომ უარგუმენტო იყო ის კითხვები, რასაც ყოველდღიურად გაურბის და დღეს პრაქტიკულად საბოლოოდ დაადასტურა, რომ არ აპირებს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რაც არა მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს, არამედ აინტერესებს საზოგადოებასაც. ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება არის ფიქსაცია იმისა, რომ ის არის მხარე, რადგან ის არათუ დიპლომატიური ენით არ საუბრობს, არამედ დაიწყო საუბარი უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ენით და მისი მესიჯბოქსი არის უკვე წინა პლანზე წამოსული. სხვათა შორის, „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით უბრალოდ მაინტერესებს, რას გულისხმობს, რა არის მიუღებელი – ის, რომ ვთქვათ, აღიკვეთა შტურმი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე, ასეთი რამ ხომ ამერიკაშიც მოხდა. ამერიკაში მსგავსი საქციელის აღკვეთა თუ არის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ ლეგიტიმური ქმედება, მაშინ საქართველოში რატომ არის ეს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული. ძალიან ბევრი აცდენები აქვს ამერიკის ელჩს. ასევე, გუშინდელი კითხვები, რომელიც იყო კონკრეტული და გასაგები, უბრალოდ, მას სჭირდებოდა პასუხები, მაგრამ პასუხები არ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ არის მბრძანებლური ტონი. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ნებისმიერი სუვერენული ქვეყნის მიმართ არის მიუღებელი. სხვათა შორის, მსგავსი პრეტენზიები თვითონ ევროკავშირში, ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც ფიქსირდება უკვე. თქვენალბათ მოგისმენიათ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს აქვს საკმაოდ საინტერესო აქცენტები. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ არის არაობიექტური დამოკიდებულება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კელი დეგნანმა აირჩია არა დიპლომატიური, არამედ შეურაცხმყოფელი ენით საუბარი.

„​ვფიქრობ, ასეთ საკითხებს სჭირდება პასუხის გაცემა, რამეთუ ის აზიანებს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ დასავლურ ღირებულებებს. ჩვენ საქართველოში ვიცით იმპერიალისტური ცხოვრების მძიმე წესები, რასაც ჩვენ თავი დავაღწიეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავი დავაღწიეთ ჩრდილოეთიდან ასეთ დამოკიდებულებას და ჩვენთვის მისაღები იქნება ნებისმიერი სხვა სახეცვლილი ამდაგვარი ურთიერთობები. ჩვენ გვინდა დასავლური ურთიერთობები, არ ვაპირებთ რუსეთში დაბრუნებას, მაგრამ ასევე არ ვაპირებთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები გადავიყვანოთ ისევ უფროსი ძმის და მაღალი ტონალობის ჩვენი მხრიდან მხოლოდ მოსმენის რეჟიმში. კითხვებზე მას არ აქვს პასუხი. ეს არის უკვე მისგან გაცემული პასუხი, რომ მას არ შეუძლია არგუმენტების გაქარწყლება, გაბათილება იმ ჩვენს მიერ დასმული კითხვებისა, რაზეც მას ჩვენ ვთხოვეთ პასუხები. ამიტომ, მან აირჩია არა დიპლომატიური, შეურაცხმყოფელი ენა და გადადის ზოგად საკითხებზე. ასევე დააფიქსირა პოზიცია, როგორც მხარემ. ის საუბრობს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით, რაც ძალიან სამწუხაროა. მან ისაუბრა შეუსრულებელ დაპირებებზე და ვფიქრობ, ის გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებას მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დამატებითი კითხვები ჩნდება, ამერიკის ელჩს არ უნდა უკვირდეს მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა, როცა თვითონ ამერიკაში არის სუფთა მაჟორიტარული სისტემა. რაც შეეხება შეუსრულებელ დაპირებებს, სხვათა შორის, ამდაგვარი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ ჩატარდა არჩევნები და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ისევ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ელჩი თუ იწუნებს საზოგადოების ამდაგვარ გადაწყვეტილებას და მის დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ, სწორედ ეს არის ანტიდემოკრატიული. ვფიქრობ, ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხის გადაწყვეტილებას და ჩვენი პოზიცია სწორედ ეს არის. ხალხის ხმა, ხალხი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები და არა ის, რომ ვინ საიდან შეხედავს მხოლოდ საკუთარი ინტერესით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.