დიმიტრი ხუნდაძე - კანონში ცვლილებები მთავრობას საშუალებას მისცემს, კრიზისები სწორად მართოს
პარლამენტს მოუწევს სამი შემთხვევიდან არჩევანის გაკეთება – ვხსნით საგანგებოს, ვაგრძელებთ საგანგებოს ან ვიღებთ იმ რეგულაციებს თქვენთან, ოპოზიციასთან ერთად, რომელიც ამ პროცესს დააზღვევს რისკებისაგან და მთავრობას საშუალებას მისცემს, კრიზისები მართოს სწორად, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ოპოზიციის უარყოფითი პოზიცია გამოხატა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში კრიზისების მართვასთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების გამო.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნშნა, პირველ რიგში საჭიროა, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა.
„პირველ რიგში დავიცავთ მოქალაქეების ჯანმრთელობას და ასევე, დავიცავთ პოლიტიკურ პროცესს – საარჩევნო პროცესს, რომ არ გქონდეთ შემდეგ თქვენ თითიდან გამოწოვილი მიზეზები, რათა თქვენთვის სასურველი დესტრუქციის საშუალება იქნას დაშვებული ქვეყანაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში ყველასათვის სასურველი შედეგი დადგა ამ მძიმე გამოწვევის ფონზე, რომელშიც დიდია ძალისხმევა როგორც მთლიანად საზოგადოების, მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიის სტატუსი არ მოუხსნია.
„სამწუხაროდ ეს სტატუსი მოიცავს მთელ მსოფლიოს და ჩვენც აქ ბიუროზე ვსხედვართ ნიღბებში, რადგან რისკი არსებობს ყველგან, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, სივრცისა და გეოგრაფიული არეალისა, მიუხედავად კონტინენტისა. ასევე ჯანმოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები მოიხსნას ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და ის, რომ საფრთხე ეპიდემიის ტალღისებული განვითარების შესაძლოა და ეს რისკები არ მოხსნილა. ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ სწორედ იმ რეგულაციებით, რომლებიც თავის დროზე, დროულად იქნა შემოღებული, საზოგადოების დამყოლობაც უდიდეს შემთხვევაში იყო შესაბამისი, არ ვგულისხმობ ცალკეულ ლოკაციებს და სწორედ იმ ლოკაციებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა: ვირუსის ხასიათია ამდაგვარი – სადაც წესების დაცვა არ ხდება, იქ მდგომარეობა მძიმდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამიტომ, ყველას, მით უმეტეს ჯანდაცვის სპეციალისტებს, ექიმებს, ჯანდაცვის კომიტეტის ექიმ წევრებს არ აქვს უფლება, ამაზე აქცენტი არ გააკეთოს, საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა არ დააზღვიოს და მათ სიცოცხლეზე არ იზრუნოს.
„სწორედ ამიტომ გახდა საჭირო, რომ გარკვეული არჩევანის წინაშე დავმდგარიყავით – გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გარკვეულ უხერხულობებს ქმნის, ასევე ეკონომიკურ მხარესაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს, მაგრამ მოხსნაც, ეს მეორე ვარიანტია, ეწინააღმდეგება თვითონ ამ პროცესს და უსაფრთხოებას და ჯანმო-ს მთავარ რეკომენდაციას. მესამე არჩევანი კი ისაა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში შევიტანოთ ის ცვლილებები, რომლებიც დააზუსტებს და საშუალებას მისცემს მთავრობას, რომ კრიზისები მართოს სწორად. რა თქმა უნდა, პარლამენტის როლი არის აქ მნიშვნელოვანი, სწორედ პარლამენტი იღებს ამ ცვლილებებს და პარლამენტის მხარდაჭერა ამ ცვლილებებს აუცილებლად სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ასეთი ინიციატივით, მისი ხელყოფა ვისაც არ უნდა უნდოდეს, უბრალოდ ვერ მოხდება“, – განაცხადა მან.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა იმიტომ მოითხოვეს, რომ არ გაჩნდეს ცარიელი სივრცე, არ მივიღოთ უკონტროლო სიტუაცია და ფეთქებადსაშიში ვითარება-პანდემიას, რომელიც ჯანმო-ს ისევ ამ სტატუსით აქვს შენარჩუნებული გლობალურად, არ მიეცეს სარისკო განვითარების საფუძველი.