დიმიტრი ხუნდაძე - საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც იყო არასწორი შეფასებები, წაქეზებებიც, კანონის განხილვაში უცხო ქვეყნიდან ჩვენი კოლეგა პოლიტიკოსები რომ დაგვხმარებოდნენ, კითხვის ნიშნებიც ნაკლები იქნებოდა
დიმიტრი ხუნდაძე - საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც იყო არასწორი შეფასებები, წაქეზებებიც, კანონის განხილვაში უცხო ქვეყნიდან ჩვენი კოლეგა პოლიტიკოსები რომ დაგვხმარებოდნენ, კითხვის ნიშნებიც ნაკლები იქნებოდა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა, რომ მათ სურთ ევროპა, თუმცა ეს სურთ თავადაც და აღნიშნული დაფიქსირებულია კონსტიტუციაშიც, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერია.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი კანონპროექტს არ იცნობს, ამავდროულად, მიაჩნია, რომ პოლიტიკური წარმომადგენლობის ერთი ჯგუფი ნებისმიერ ემოციურ თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„მომიტინგეებთნ მიმართებით ჩვენ გვაქვს მთავარი საერთო – ძალიან კარგია, რომ ასე ისმის საქართველოში, ცენტრალურ პოლიტიკურ მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, რომ საზოგადოებას, მით უმეტეს ახალგაზრდებს სურთ ევროპა, ეს ძალიან კარგია, ეს ჩვენც გვსურს. ეს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული, ერთ-ერთი ხელისმომწერი მეც ვარ. ახალგაზრდების ხმა მნიშვნელოვანია, მათ სურთ ევროპა, მაგრამ ჩვენც, შედარებით ძველგაზრდებსაც სწორედ ევროპა გვინდა, რადგან უკეთ გვახსოვს რუსული პატრონყმული დამოკიდებულება, ის, რომ უფროსი ძმა ყოველთვის მართალი იყო. სწორედ ამაზე ვთქვით უარი და დავაფიქსირეთ დასავლეთის მიმართულება. ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი კანონპროექტს არ იცნობს. მანდ არიან ძალიან გულწრფელი ადამიანები, თუმცა პოლიტიკური წარმომადგენლობის ერთი ჯგუფი, მე მათ გულწრფელობას ვერ დავაბრალდებდი, ბევრჯერ ვნახე, როდესაც ნებისმიერ ემოციურ თემას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, რა თემაც არ უნდა იყოს, მაშინვე გადადიან იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ხუნდაძის თქმით, კანონის განხილვაში უცხო ქვეყნიდან კოლეგა პოლიტიკოსები რომ დახმარებოდნენ, კითხვის ნიშნებიც ნაკლები იქნებოდა.

„მათი მხრიდანაც (საერთაშორისო პარტნიორები) იყო გარკვეული არასწორი შეფასებები, არ მოვერიდები, გარკვეული წაქეზებებიც, რაც არაერთხელ გვინახავს, იგივე, როცა ბევრი გულწრფელი ადამიანი შეიკრიბა. ეს ვნახეთ, მაგალითად, უკრაინის მხრიდანაც, მაგალითად, გრეგოროვა როცა მოითხოვდა, თითქოს საზოგადოებამ უნდა გააგონოს ხელისუფლებას მისი ხმა, რომ ევროპისკენ სვლა არის აუცილებელი. ამას გაგონება არ სჭირდება, ხელისუფლება ამას ისედაც აკეთებს. ამ კანონის განხილვაში ჩვენ რომ უცხო ქვეყნიდან ჩვენი კოლეგა პოლიტიკოსები დაგვხმარებოდნენ, კითხვის ნიშნებიც ნაკლები იქნებოდა“, –  აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ

ხუნდაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში მხოლოდ რეგისტრაციის მექანიზმია შემოღებული.

„როცა სპეკულირებენ, თითქოს პროგრამები შეჩერდება, უცხო ქვეყნიდან გადმორიცხვები, რაღაცები შემცირდება, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ჩვენ დაშვებებიც კი ჩავწერეთ, დავაფორმულირეთ, რომ საგანმანათლებლო სექტორს არ შეეხება. სპეკულირებენ, თითქოს ვინც სწავლაში უცხო თანხების მიმღები იქნება, გამოცხადდება აგენეტად, ესეც ტყუილია, რადგან ფიზიკურ პირებს არ ეხება, არ ეხება სოციალურ მიმართულებებს, არ ეხება ბევრ მიმართულებას და ეს სპეკულაციის საგანი ხდება. ოპონენტს თუ აქვს მიზეზი, რომ შესაძლოა, მართლა რაღაც მსგავსება ეწეროს რუსულ კანონთან, ის გამოიყენებდა, კონკრეტულ მუხლს ამოიღებდა და როგორც ფაქტს დადებდა, მაგრამ მსგავსი არ არსებობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა არაკომერციული ორგანიზაციები იღებენ 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას უცხო ქვეყნიდან, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. გარკვეულმა ორგანიზაციებმა ამაში დაინახეს საფრთხე, რომ მათი მოხმარებული საკმაოდ დიდი თანხები, რომელსაც ბევრი ნულიანი უწერია, არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ჩვენი მიდგომაა, რომ საზოგადოებამ ეს იცოდეს, ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არ უნდა იცოდეს და არის რუსული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.