დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხი მმართველი გუნდის ფორმატში განიხილონ 
დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხი მმართველი გუნდის ფორმატში განიხილონ 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე “ქართული ოცნების” მხრიდან დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის წინააღმდეგია და საკითხის მმართველი გუნდის ფორმატში განხილვას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხუნდაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის პოზიციას იზიარებს, რომ მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კანდიდატს, გუნდში საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ხუნდაძის ინფორმაციით, არსებობს დეპუტატების ჯგუფი, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ანიჭებს უპირატესობას.

„პარტიის ლიდერის არგუმენტები გასათვალისწინებელი, საფუძვლიანი და რეალობასთან ახლოს იყო, თუმცა ვინც მხარს ვუჭერთ არჩევნებში მმართველი გუნდის მონაწილეობას, ჩვენი არგუმენტები გვაქვს. საკუთარი კანდიდატის არწარდგენა ფორმალური ხასიათის იქნება და ეს რთული ასახსნელი იქნება, როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე ჩვენი გუნდის წევრებისთვის. შეიძლება, ამან დაბნეულობა გამოიწვიოს, როგორც ამომრჩევლებში, ასევე გუნდის წევრებს შორის. თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, დამოუკიდებელი კანდიდატის საპრეზიდენტო სავარძელში ქმედება ასოცირებული ისევ „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება და მის ქმედებებზე პასუხის გაცემა ისევ მმართველ გუნდს მოუწევს. ამის რეალური მაგალითები უკვე არსებობს, როცა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი, მმართველი გუნდი რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, მაგრამ ერთ-ერთ დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებებზე პასუხის გაცემას მმართველ გუნდს სთხოვენ. უმჯობესი იქნება, „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესში საკუთარი კანდიდატით ჩაერთოს. ეს იქნება უფრო ღია და გასაგები. ასეთმა დაბნეულობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ოპოზიციონერი პრეზიდენტი შეგვრჩეს, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, შეეცდება, რომ პარტიის თავმჯდომარე, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე და გუნდის წევრები, დაარწმუნოს იმაში, სწორი იქნება “ქართული ოცნება” არჩევნებში საკუთარი კანდიდატით წარდგეს.

“ჯერ კიდევ დეპუტატების გარკვეული ჯგუფი რჩება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში საკუთარი გუნდის მონაწილეობას, ასეთ აზრს არგუმენტებით გაბათილება სჭირდება. თუ ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება, ეს გუნდში გამოიწვევს დაბნეულობას და რისკს გაზრდის გათამაშდეს ის ვარიანტი, რომ გაიმარჯვოს ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რაც იქნება დესტაბილიზაციის წინაპირობა”, – განაცხადა ხუნდაძემ.