დიმიტრი ხუნდაძე - გორის ჰოსპიტალზე მიღებული გადაწყვეტილება არის კარგი, რასაც სჭირდება კარგი მიმღებლობა
გორის ჰოსპიტალზე მიღებული გადწყვეტილება არის კარგი, რასაც სჭირდება კარგი მიმღებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გონივრული, რადგან შერჩეულია კლინიკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით.
„მოშიმშილეებსა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მივეცით, რომ შიმშილობა შეწყვიტონ, თავის ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და დაიცვან საზოგადოებაში უსაფუძვლო, ზედმეტი, ზიანის მომტანი აურზაური და დაძაბულობა. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გონივრული, რადგან შერჩეულია კლინიკა, რომელსაც აქვს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები და აღჭურვილია უახლოესი აპარატურით. იქ მაქსიმალურად იქნება ყველაფერი, რაც შეიძლება მოთხოვნადი იყოს ასეთი პაციენტისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.