დიმიტრი ხუნდაძე - გლობალურ ეპიდვითარებასთან შედარებით, ჩვენ მივდივართ რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი
დიმიტრი ხუნდაძე - გლობალურ ეპიდვითარებასთან შედარებით, ჩვენ მივდივართ რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი

გლობალურ ეპიდვითარებასთან შედარებით, ჩვენ მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, მივეცეთ თვითკმაყოფილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეაფასებენ როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ეპიდვითარებას.

„განვიხილავთ ყველა შესაძლო სცენარს და მოვახდენთ მის რევიზიას. ამ ეტაპზე მივდივართ ყველაზე რბილი სცენარით. 130 გახდა უკვე. ეს იქნება ყოველდღე მატებადი, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს არც ერთი გარდაცვლილი. ზოგად, გლობალურ ეპიდვითარებასთან შედარებით, ჩვენ მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდსცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ მივეცეთ თვითკმაყოფილებას. უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის, ურთულესი სცენარიც, რადგან თვითონ ეპიდვითარება, ეპიდემიოლოგიური ხასიათი არის ფეთქებადსაშიში. შესაძლოა, ყოველდღე შეიცვალოს ვითარება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის მზად და ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.