დიმიტრი ხუნდაძე - გიორგი მარგველაშვილს არ აქვს რესურსი, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენცია გაუწიოს 
დიმიტრი ხუნდაძე - გიორგი მარგველაშვილს არ აქვს რესურსი, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენცია გაუწიოს 

პრეზიდენტის განცხადება რეალობას მოკლებულია, რადგან მას არ გააჩნია ის რესურსი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გაუწიოს კონკურენცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პრეზიდენტს არ აქვს არც ადამიანი და არც პარტიული რესურსი, რაც არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ეს არის მისი მცდელობა, წარმოაჩინოს საკუთარი თავი. მას აქვს ამის უფლება, რამდენადაც ღიმილის მომგვრელი უნდა იყოს. მას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც, მაგრამ ეს აუცილებლად მარცხით დასრულდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.