დიმიტრი ხუნდაძე - გავრილოვის მხრიდან იყო მცდელობა, ნიკა მელიასთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი ესროლა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სერგეი გავრილოვის განცხადება იყო მცდელობა, ნიკა მელიასთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მაშველი რგოლი ესროლა.
თუმცა, ხუნდაძის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში ნიკა მელიას ქმედებებზე პასუხი სამართლებრივი იქნება.
„მიმაჩნია, რომ გავრილოვის მხრიდან ეს განცხადება იყო მცდელობა, ნიკანორ მელიასთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ესროლა მაშველი რგოლი, მაგრამ, მგონი, ეს მათთვის მაშველი ვერ აღმოჩნდება, რადგან სახელმწიფოს აქვს თავისი ურყევი, ძირითადი და უცვლელი პრინციპი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში პასუხი იქნება სამართლებრივი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
გავრილოვის კომენტარი გუშინ ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“.
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“.
„ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.