დიმიტრი ხუნდაძე - ფრაქციის ფორმატში პრემიერთან შეხვედრები ხშირად იმართება და აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ 
დიმიტრი ხუნდაძე - ფრაქციის ფორმატში პრემიერთან შეხვედრები ხშირად იმართება და აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფრაქციის ფორმატში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ინტენსიურად იმართება, სადაც ყველა აქტუალურ საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.

„განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც აქტუალურია. ფრაქციის ფორმატში პრემიერთან შეხვედრები იმართება ხშირად. ეს აუცილებელია, რადგან ყველა საკითხი, რაც არის აქტუალური, უნდა იყოს მთელ გუნდთან შეთანხმებული და გადაწყვეტილება ერთად მიღებული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, როცა საუბარია აქტუალური საკითხების განხილვაზე, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციაც იგულისხმება.

„პირადად მე მსურს, გუნდში დადგეს საკითხი, რომ ზეპარტიული საკითხი ზეპარტიულად იქნას განხილული და ეს უნდა იყოს არამხოლოდ ჩვენი გუნდის, არამედ მთლიანად პოლიტიკური სპექტრის ინიციატივა. საკუთარ ინტერესებზე არც ერთმა გუნდმა არ უნდა მოირგოს ის საკითხები, რომელიც არის ზეპარტიული და სახელმწიფო მნიშვნელობის. ვგულისხმობ ყველა საკითხს, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.