დიმიტრი ხუნდაძე - ფაქტია, სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს აკეთებს. დეპუტატი თვლის, რომ „ნაცმოძრაობამ“ სწორი რაკურსი აიღო, როდესაც საკუთარი მმართველობა შევარდნაძის პერიოდს და არა დღევანდელ ხელისუფლებას შეადარა.
დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი.
„დღეს, როდესაც „ნაცმოძრაობას“ ვუსმენდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ 15 წლით უკან გადავინაცვლეთ. პარტიის ლიდერები სწორად იქცეოდნენ, როდესაც შედარებას ძირითადად წინა ხელისუფლებასთან და არა დღევანდელ მმართველ გუნდთან აკეთებდნენ. ოღონდ, მთავარი დაავიწყდათ, ყველა იმ წარმატების უკან, რითაც ისინი დღეს ამაყობდენენ, ბიძინა ივანიშვილი იდგა. სწორედ მათ მიერ წოდებული „ოლიგარქი“ აფინანსებდა ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რამაც რადიკალურად შეცვალა მაშინ სახელმწიფო პოლიტიკა. მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების ბევრი კრიტიკისა, „ნაცმოძრაობამ“ სწორად ჩათვალა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შედარება ალოგიკური იქნებოდა.
რაც შეეხება თავმჯდომარეს, როგორც იქნა მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი ყველაზე დიდი ნეგატივია საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ამასთანავე, ყველაზე დიდი დანაკარგი მათი მხარდამჭერებისთვის ქვეყანაში. აქ კი „ნაცმოძრაობა“ სერიოზული ამოცანის წინაშე დადგა – შეძლებენ კი იმ მუხტის შენარჩუნებას საკუთარ ამომარჩევლებში სააკაშვილის წინამძღოლობის გარეშე? ეს მათთვის დიდი თავსატეხი გახდება. ფაქტი ისაა, რომ სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ უკვე საკუთარმა პარტიამაც უთხრა უარი,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.