დიმიტრი ხუნდაძე - ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი თუ გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული?
ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი თუ გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად მოსალოდნელია, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ დეპუტატებს სანქციები დაუწესდეთ.
„იმის გათვალისწინებით, რომ ყველაფერს რუსულს არქმევთ, ასეთ საკითხებზე ევროპულ პასუხს გაგცემთ: მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი არ არის ამერიკის ვასალი. საქართველოც არავისი ვასალი არ არის. საქართველოს უნდა პარტნიორული ურთიერთობა და ქვეყანა თავად ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას იყენებს. ამიტომ ევროპაში დამკვიდრებული პრაქტიკა ჩვენთან დეპუტატების სანქცირების საფუძველი თუ გახდება, მაშინ როგორ უნდა ვიყოთ ევროპასთან ასოცირებული ან რა პრინციპი, პარტნიორული თანასწორუფლებიანობის ხარისხია, როცა კონკრეტულად დეპუტატს ემუქრებიან სანქციით, თუ ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც უშუალოდ ხალხის წარმომადგენელია?
შევეშვათ შიშებს, გავუძლოთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გავასაჯაროოთ „შავი ფული“, რომელიც სწორედ ასეთ ზეწოლებს ემსახურება. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა. გუშინ 9 აპრილი აღვნიშნეთ და ქართულ საზოგადოებას, მით უმეტეს, ახალგაზრდებს, სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ისევ თავიდან დასაცავი გახდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.