დიმიტრი ხუნდაძე - ევროპაში აბორტის აკრძალვით შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან პრობლემა იატაკქვეშეთში გადადის და ქალთა სიკვდილიანობა იზრდება
აბორტი ჩვენი დემოგრაფიული ვითარების მქონე ქვეყნისთვის ძალიან მძიმედ ასატანია, თუმცა მისი აკრძალვა საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აბორტის აკრძალვით შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან ასეთ დროს პრობლემა იატაკქვეშეთში გადადის და ამით ქალთა სიკვდილიანობა იზრდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ის, როგორც ოჯახის მამა, აბორტს შინაგანად ეწინააღმდეგება, მაგრამ როგორც კანონმდებელსა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი, აბორტის აკრძალვა სწორად არ მიაჩნია.
„ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რათა პოტენციურმა დედამ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება არ მიიღოს. შესაბამისი რეგულაციების დაცვით არჩევანი ქალის ხელშია და ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სახელმწიფომ მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში პირობები უნდა შექმნას, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნას“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილმა სხვადასხვა სოციალურმა პროგრამამ ქვეყანაში აბორტების რაოდენობა შეამცირა და ექვსი თვის არაოფიციალური მონაცემებით, შემცირების დინამიკა ისევ გრძელდება.
„სხვადასხვა პროგრამებით სახელმწიფომ ფონი შექმნა, რათა ოჯახებისთვის სოციალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. მდგომარეობა იდეალური არ არის, იდეალურობისგან შორს ვართ, მაგრამ პროგრამებს გარკვეული შედეგი აქვს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2007 წელს პატრიარქის მიერ მიღებული ბრძნული და საჭირო გადაწყვეტილება, რომელიც მის მიერ მესამე ბავშვის მონათვლას ეხებოდა.
„ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ამ ემოციამ ნამდვილად იმუშავა, მაგრამ 2009 წლის შემდეგ, შობადობის კლება ისევ დაიწყო. შემდეგ წლებში დაბალი შობადობის რეჟიმში ცხოვრება მაინც მოგვიწევს, რადგან დემოგრაფიული პრობლემები ქვეყანაში 90–იანი წლების შემდეგ დაიწყო და სელექტურმა აბორტმა სქესთა მნიშვნელოვანი დისბალანსი გამოიწვია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.