დიმიტრი ხუნდაძე - ეს ხელისუფლება არ არის, რომელიც გარე დაკვეთებს შეასრულებს, თუ ვინმე პატარა ჯიუტობს, რა თქმა უნდა, მისი შეცვლა სჯობს მორჩილით და ასეთი მორჩილი ხელისუფლება იყო მიხეილ სააკაშვილის სახით
დიმიტრი ხუნდაძე - ეს ხელისუფლება არ არის, რომელიც გარე დაკვეთებს შეასრულებს, თუ ვინმე პატარა ჯიუტობს, რა თქმა უნდა, მისი შეცვლა სჯობს მორჩილით და ასეთი მორჩილი ხელისუფლება იყო მიხეილ სააკაშვილის სახით

თუკი ამერიკაში შეიძლება, კონგრესმენმა დასვას კითხვა ნებისმიერი ელჩის მიმართ, ჩვენთან რატომ არ შეიძლება, რომ მე, დეპუტატმა დავსვა კითხვა, – ამის შესახებ მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ ამერიკაში არ შეიძლება, რომ პოლიტიკოსები ჩაანაცვლოს არასამთავრობო სექტორმა, ჩვენთან რატომ შეიძლება? თუკი ამერიკაში შეიძლება, კონგრესმენმა დასვას კითხვა ნებისმიერი ელჩის მიმართ, ჩვენთან რატომ არ შეიძლება, რომ მე, დეპუტატმა დავსვა კითხვა? მაგალითად, ჩვენ დავსვით კითხვა, იყო თუ არა მოსამართლის აშშ-ში ვიზიტის დაბლოკვის მიზეზი მისი სასამართლო გადაწყვეტილება. თქვეს, არაო. მერე თვითონ მოსამართლე გამოვიდა და თურმე, ის საელჩოში დაიბარეს და ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არ გაუშვეს. ჩვენ დავსვით კითხვა, იყო თუ არა კელი დეგნანის შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, თქვეს, არა არ ყოფილა, დიდი ხანია არ შევხვედრივართო. არადა, ჩვენ მივუთითეთ 24 თებერვლის შემდეგ. მერე აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა იყო და შემდეგ მანაც აღიარა. რატომ იყო ეს დასამალი? იმალება ის, რაც დასამალია. მერე თვითონ ელჩმა განმარტებაც გააკეთა, არა, ჩვენ რომ შევხვდით, პარტნიორულ ურთიერთობებზე ვისაუბრეთო. თუ ამაზე იყო საუბარი, ამაზე ყოველდღე უნდა ვისაუბროთ და რა არის ამაში დასამალი? ანუ, კიდევ დამატებითი კითხვა გაჩნდა. ესე იგი, იქ სხვა რამ იყო“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინა მოძრაობამ პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაძლიერება-განმტკიცებაა საჭირო და მსგავსი პოლემიკა უნდა შეწყდეს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მათ მხოლოდ კითხვები დასვეს.

„არა, კითხვები დავსვით. რას ჰქვია, არ გავითვალისწინეთ?! სტრატეგიული პარტნიორობა იცით, რას ნიშნავს? ნიშნავს ურთიერთპატივისცემას, თანასწორუფლებიანობას, ურთიერთგაგებას და არა იმას, რომ ერთი პარტნიორი მეორეს კითხვას დაუსვამს და ის იტყვის, არ წამიკითხავს, ეს მოგონილიაო. რომელი იყო უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიები? მოსამართლის უსაფუძვლო იყო? შეხვედრა უსაფუძვლო იყო? ის რომ შევეკითხეთ, არასამთავრობო სექტორი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას რომ აფიქსირებს, ამის უფლება არ აქვსთქო, აშშ-ის ელჩი რას ამბობს, როცა მათი უმეტესობა სწორედ ამერიკული ფულით ფინანსდება? აბსოლუტური იგნორი იყო. როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, ბომბები მირჩევნია, ცვიოდესო, ვკითხეთ, ემიჯნებით თუ არათქო და პირიქით, წავიდა, გვერდით დაუდგა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის დასასრულებელი და შესაძლოა, ვინმე გეგმავს, საქართველოში დამატებითი ლოკაცია გაჩნდეს, რომ ეს რუსეთისთვის დამატებითი ტვირთი იყოს, რაც დაგეგმარების კუთხით სწორია, მაგრამ მას საკუთარი ქვეყნის ინტერესი აქვს.

„უკრაინაში მიმდინარე ამხელა ომი არის დასასრულებელი და ამ დიდი სურათიდან, სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე, თუ მონაწილე აქტორებიდან ვინმე გეგმავს, მეორე, დამატებითი ლოკაცია გაჩნდეს საქართველოში, რომ ეს რუსეთისთვის დამატებითი ტვირთი იყოს, რადგან ცალკე ომის წარმოების ლოჯისტიკა რთულია და რუსეთისთვისაც ეს ტვირთი იქნება, ისინი ამ დაგეგმარებაში მართალი არიან და სწორად გეგმავენ, თუ ასე აკეთებენ, მაგრამ მე ჩემი ქვეყნის ინტერესი მაქვს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მისი აზრით, აშშ-ის საელჩოს სურს თუ არა ხელისუფლების შეცვლა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ დიდი სცენარის ავტორებს ამის მცდელობა აქვთ.

„სურთ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს შეასრულებს, თუნდაც, იმ დიდი სცენარისათვის აუცილებელ პირობას, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. არ შეასრულებს ამას და რა თქმა უნდა, ასეთი დიდი გლობალური გადმოსახედიდან, თუ ვინმე პატარა ჯიუტობს, რა თქმა უნდა, მისი შეცვლა სჯობს მორჩილით და ასეთი მორჩილი ხელისუფლება ჰყავდა მიხეილ სააკაშვილის სახით. ის რომ აქ შემოვიდა, ნუ გგონიათ, რომ სცენარის მიღმა მოხდა, შემთხვევით, მაწვნებში ჩაყო თავი და შემოვიდა. ეს სწორედ იმ სცენარის ნაწილია, იმ სცენარის, რომელიც შემდეგ განვითარდა, მაგრამ ხელისუფლება აღმოჩნდა მყარი, არარყევადი, არადამოკიდებული და მიუჩინა თავისი ადგილი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეკითხვაზე, რის საფუძველზე აკეთებს მოძრაობა განცხადებას, რომ აშშ-ს პარტიებში და არასამთავრობო სექტორში აგენტურა ჰყავს, დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი ვაშაძის განცხადება გაიხსენა, რომელიც მან თავის დროზე, თეთრი სახლის წინ გააკეთა.

„კადრი ხომ გახსოვთ, როდესაც ვაშაძე თეთრი სახლის წინ დგას და იქიდან, თითით უკან უთითებს, აქ გადაწყდა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები იქნება და ხელისუფლება შეიცვლებაო. ეს არის ორმაგი კატასტროფა, თუ ეს ნამდვილად ასეა, რომ იქ უნდა გადაწყდეს, ამ ქვეყანაში ხელისუფლება იცვლება, ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს და ვაშაძეს აბარებენ. ესე იგი, ვაშაძე თავის პირით აცხადებს, რომ ის არის სწორედ ის აგენტი, რომელსაც დანაბარები გამოაქვს. თუ ეს ტყუილია, ესე იგი, ის არის მატყუარა პოლიტიკოსი და სწორედ ამიტომ არის ერთპროცენტიანი პოლიტიკოსი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მოძრაობა „ხალხის ძალა“ აგენტების სიის გამოქვეყნებას, რაც დააანონსეს, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პერსონიფიცირება მათი მიზანი არ არის, მაგრამ თუ ქვეყნისთვის ამის საჭიროება დადგება, ეს მათთვის ბარიერი არ იქნება.

„ის, რომ ხმამაღლა კეთდება განცხადებები, ზოგი ქართულად და ზოგი უცხო ენაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა არავის არ სურს, არის ტყუილი. იმიტომ, რომ კულისებში ასეთი საუბრები იყო“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთსაც სჭირდება, ისევე, როგორც დასავლეთი სჭირდება საქართველოს.