დიმიტრი ხუნდაძე - ეპიდვითარება იქ რთულდება, სადაც წესებს შესაბამისად არ იცავენ
დიმიტრი ხუნდაძე - ეპიდვითარება იქ რთულდება, სადაც წესებს შესაბამისად არ იცავენ

ვფიქრობ, ბოლნისში წესების შესაბამისად დაცვის დეფიციტი იყო და ამიტომ მოხდა დაავადების ასე გავრცელება, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

„ეპიდვითარება რთულდება იქ, სადაც შესაბამისად არ იცავენ წესებს. ვფიქრობ, აქ ამის დეფიციტი იყო და ამიტომ მოხდა გავრცელება. თავიდან, რა თქმა უნდა, იყო ეპიდმისამართების მიდევნება, დაკონკრეტება, დაზუსტება, ზოგის კლინიკებში გადაყვანა და ზოგის საკარანტინო ზონებში, მაგრამ აპ პროცესს თავისი რთული ფაზა აქვს. კრიზისული ფაზა ამით გამოირჩევა, როცა შიდა გავრცელება მიდის და როცა ყოველთვის ვერ ხერხდება ეპიდმისამართის დადგენა. აი, სწორედ ეს სირთულე წარმოიშვა იქ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამ განცხადებით დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ გამოიწვია დავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი და პრაქტიკულად, ეპიდაფეთქება ბოლნისში, რადგან მხოლოდ ამ რაიონში 117 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ეკონომიკა ზარალს განიცდის და რეგულაციები უნდა მოიხსნას, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.

ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ეკონომიკა ზარალს განიცდის და რეგულაციები უნდა მოიხსნას. რა თქმა უნდა, ეკონომიკა განიცდის ზარალს, მაგრამ პირველი ისაა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ. თუმცა, მეორეც აუცილებელია, მაგრამ ამისთვის არსებობს ინსტრუმენტები, რომელიც თითოეულ მოქალაქემდე უნდა დავიტანოთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ წესები. ეს წესები თუ არ დავიცავით, რა თქმა უნდა, ვითარება ყველგან შეიძლება, გართულდეს. სახელმწიფოებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ უმძიმესი შედეგები მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ეს წესები თავის დროზე არ დაიცვეს, რეგულაციები დააგვიანეს და წინააღმდეგობა სათანადოდ არ შეაფასეს. ვითარება სწორედ იქ გართულდა“,- განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საქართველო ახლა კრიზისულ ფაზაშია და მერეც, როცა შეზღუდვები მოიხსნება, შემსუბუქებულ რეჟიმში უფრო მეტად გვჭირდება წესების დაცვა, თორემ შესაძლოა, აქამდე მიღწეული კარგი შედეგი უცებ შეიცვალოს ცუდი შედეგით.

„მერე უადგილო იქნება მით უმეტეს, არჩევნების თავის დროზე ჩატარების და კიდევ საგანგებო მდგომარეობის არშემოღების ან რეგულაციების შემსუბუქების საკითხის დაყენება. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, საზოგადოების ქცევაზე. ვინც არ უნდა იყოს ეს, პოლიტიკოსები თუ არაპოლიტიკოსები, წესები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.