დიმიტრი ხუნდაძე - ეჭვი მეპარება, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმეს გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინა, ისინი ქვეყნიდან ტყუილის იმპორტს ეწევიან
ეჭვი მეპარება „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
ხუნდაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნიდან ტყუილის იმპორტს ეწევა და ცალკეული კონგრესმენების მიერ დასახელებულ ფაქტობრივ ცდომილებებში მათი როლიც არის.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სენატორების წერილის გასაჯაროებას, რაღაც ეჭვი მეპარება, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმეს გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინა, თუ ასეთი იყო. მათი როლიც მნიშვნელოვანია ერთეული კონგრესმენების ფაქტობრივ ცდომილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აქტიურად ეწევიან დეზინფორმაციას, ტყუილის იმპორტს ქვეყნიდან და უშედეგოდ ბუნებაში არაფერი იკარგება. თუმცა ვფიქრობ, ყოველივე ამის გამოსწორება შესაძლებელია უშუალო კომუნიკაციის ხარჯზე, მაგრამ მთავარი პირობაა, რომ პირადი ინტერესებისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის სენატისგან დეკემბერში მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, რომელსაც არ ასაჯაროებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლებას მოუწოდა, დღის ბოლომდე წერილი გაასაჯაროონ, წინააღმდეგ შემთხვევში, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს.