მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კრიტიკული შეხედულებები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ, NDI-ს დღევანდელ კვლევაში ბევრი საგულისხმო ფაქტია, – ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე NDI-ის კვლევის შედეგებს.
როგორც ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, თავად ამერიკული ორგანიზაცია იტყობინება, რომ საქართველოში ბევრი მიმართულებით დადებითი დინამიკაა და ამას ხალხი სწორად აფასებს.
„დღეს NDI-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. მოუხედავად იმისა, რომ გარკვეული კრიტიკული შეხედულებები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ, ამ კვლევაში ბევრი საგულისხმო ფაქტია. თავად ამერიკული ორგანიზაცია გვამცნობს, რომ საქართველოში დადებითი დინამიკაა და ამას ხალხი სწორად აფასებს. მაგალითად: 10%-ით გაზრდილია მთავრობის მიმართ ნდობა. გაზრდილია დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში, შედარებით გაზრდილია შემოსავლები და შემცირებულია უმუშევრობა. მართალია, პრობლემები ბევრია, მაგრამ უმთავრესი შეფასება არის ის, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი თავს ქვეყანაში უსაფრთხოდ გრძნობს. მშვიდობა უალტერნატივოა და ამას ხალხი სწორად აფასებს. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, ჯერ არჩევნებამდე დიდი დროა და ეს ციფრები ბევრჯერ შეიცვლება, თუმცა ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ მაჩვენებლებით 4%-ს ვერ ლახავს, მით უმეტეს, უკვე ორად გახლეჩილი „ნაცმოძრაობა“. მთლიანად ოპოზიციურ პარტიებს 16% აქვთ, ხოლო ერთ მმართველ პარტიას – 19%. როდესაც ხელისუფლების საქმიანობას დადებითად 54% აფასებს, ისინი უკვე ჩვენი პოტენციური ამომრჩევლები არიან. ამიტომ ხელისუფლების რეიტინგი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე 19%. არჩევნებამდე ბევრი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება, მაგრამ მთავარი არჩევნებია. დარწმუნებული ვართ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებაში, რასაც თვით ამერიკული ორგანიზაციის ეს კვლევაც ასაბუთებს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.