დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენთვის ერთი კონგრესმენის მოსაზრებაც ღირებულია, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია აშშ-ის დეპარტამენტისა და ელჩის განცხადებები
უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მმართველი გუნდის წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია უშუალო კომუნიკაცია სენატორებთან და არა მხოლოდ წერილების საშუალებით ურთიერთობა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება, არამედ გაემგზავრა პარლამენტის თავმჯდომარე ვიცე-სპიკერთან ერთად. ეს არის მცდელობა იმისა, რომ იყოს უშუალო კომუნიკაცია და არა მხოლოდ წერილების სახით ვიურთიერთოთ. ჩვენი კოლეგები წავიდნენ იქ, რომ უშუალოდ ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც მეტი ინფორმაციაა საჭირო, მიიღონ“ ,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
თუმცა, ხუნდაძის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს, რა საარჩევნო სისტემა ჰქონდეს.
„ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ჩვენთვის ძალიან ღირებულია თუნდაც ერთი კონგრესმენის მოსაზრება, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია, თვითონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ასევე ელჩის განცხადებები. ყველა დაპირება, ყველა გადაწყვეტილება და ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან სუბიექტის სარგებელს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.