დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი პრინციპული პოზიცია რომ არა, ევროკავშირი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იოლად იტყოდა უარს
ევროკავშირის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ ისინი სტატუსის მონიჭებისკენ მიდიან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოსთან დაშვებულ შეცდომებს ევროკავშირი აღარ გაიმეორებს და ღირსეულად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინათ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ეცდება, სტატუსის მიღების შემთხვევაში ეს საკუთარ მიღწევად წარმოაჩინოს.
„ქართული ოპოზიციის მცდელობას რაც შეეხება, რომ სტატუსის მონიჭება საკუთარ გამარჯვებად მონათლოს, ტყუილი მცდელობაა, რადგან ხალხი ხედავს ყველაფერს. დღეს თავად მათი რიგებიდან ისმის ისეთი განცხადებები, რასაც ჩვენ ვამბობდით. მათ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მონიჭება დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში და ამას ითხოვდნენ ევროპაშიც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ იყო მარტო საზოგადოებასთან ერთად ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანი იყო, ქართველი ხალხისთვის გვეთქვა სიმართლე არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა იმ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სტატუსის მონიჭებას ერთგვარ იარაღად იყენებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია, ევროკავშირი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იოლად იტყოდა უარს. ოპოზიციის მცდელობა, მუდამ დენთის სუნი იდგეს ევროპისკენ სავალ გზაზე, აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სტატუსის თემა მათთვის მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი იარაღია, თუმცა წარუმატებლად“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.