დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მოქალაქე იღებს სამედიცინო მომსახურებას. თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების მატებამ მოსახლეობის დანახარჯები გაზრდა.
„ქუჩაში ადამიანები უფულობის გამო უკვე დიდი ხანია აღარ იღუპებიან, მაგრამ, ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასების მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი ჯიბიდან დანახარჯები. ეს განსაკუთრებით რთული იყო მოწყვლადი ჯგუფებისთვის: სოციალურად დაუცველთათვის, პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, გამომდინარე აქედან, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ფართოვდება, ფაქტიურად მოსახლეობის თანადგომის პროგრამაა.
„ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის რა უნდა იყოს იმაზე მეტი საზრუნავი, თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ის, რომ დაიცვას ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც მან განმარტა, ჯანდაცვის სამინისტრო 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და შეღავათი მეტ ადამიანს შეეხება. ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებსა და შშმ პირებს მედიკამენტებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება ექნებათ.
„ეს შეეხება ფარისებრი ჯირკვლის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტის სამკურნალოდ და მათ შეუძლიათ მაქსიმუმ სამი თვის საკმარისი ოდენობის მედიკამენტი შეიძინონ ფასდაკლებით“, – განაცხადა დეპუტატმა.
მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტრო იმ მედიკამენტების ახალ ფასებს აქვეყნებს, რომელთაც ფასდაკლება შეეხება.