დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი კანონი ემსახურება გამჭვირვალობას, სადმე თუ ნახავთ აკრძალვას, მითხარით და ჩავასწორებ, მეც არ მინდა, რომ არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს
იქნებ ერთი წინადადება მაინც მოვძებნოთ წარდგენილი კანონპროექტებიდან, რომელსაც საერთო აქვს რუსულთან, – ამის შესახებ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს განიხილავენ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპონენტებს მიმართა, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტებიდან წაიკითხონ თუნდაც ერთი წინადადება, რომელიც რუსულ ვარიანტს ჰგავს.
„არასამთავრობო სექტორი ძალიან ბევრ კარგსაც აკეთებს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი ვნახეთ მაშინ, როცა სახალხო დამცველი ცხელ ბომბებს აძლევდა უპირატესობას. ვნახეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ავარდა და ითხოვდა ტექნიკურ მთავრობას, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მის მხარდაჭერას. ჩვენი კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას. თუ სადმე ნახავთ აკრძალვას, შეზღუდვას, მითხარით და აქვე ჩავასწორებ, რადგან მეც არ მინდა, რომ არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს. ვფიქრობ, ამერიკაში ფინანსური გამჭვირვალობა უკეთესია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამერიკას ეს კანონი აქვს და ეს კანონი მოქმედებს დღესაც. გეთანხმებით, რომ 38 წელსაა მიღებული, მაგრამ დღესაც მოქმედებს. მტრულ სახელმწიფოებზეა მიმართულიო, ამბობთ, ამერიკას ჰყავს მტრები და საქართველოს არა? სამწუხაროდ, საქართველოს მტრები გარეთაც და შიგნითაც ჰყავს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ხალხის ძალის“ მიზანია გამჭვირვალობა.
„მოდით, ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც მახსენდება და მითხარით, სად უნდა მოვძებნო, ვინ დააფინანსა და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. ალბათ, გახსოვთ, როდესაც სტანისლავ ფედერჩუკი, მაიდნის ავტორი, 2014 წელს ჩამოვიდა საქართველოში და ატარებდა ტრენინგებს. ამ ტრენინგებს ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები, რომლებიც დესტრუქციას დღესაც ცდილობენ, ის ფინანსდებოდა უკრაინული ფულით, მაგრამ უკრაინაში, მით უმეტეს, მაშინ სამი დიდი რუსული ბანკი მოქმედებდა, არ ვიცი, ის საიდან იყო დაფინანსებული, რუსეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. მით უმეტეს, როცა ამ ტრენინგის მონაწილეები – ბოკერია და მისთანანი შემდეგ ქმნიან საქართველოს გათავისუფლების შტაბს უკრაინაში, რას ემსახურება ეს, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციას, ეს უნდა ვიცოდეთ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრი აცხადებს, რომ მას სურს ევროპა, რომელიც ჯანსაღ, ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.
„გვეუბნებით, თითქოს სხვა საქმე არ აქვს ქვეყანას, რა თქმა უნდა, სხვა საქმეც აქვს – ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული საკითხებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში უსაფრთხოება არ იყოს დაცული. საქართველოს უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, უნდა ზრუნავდნენ საკუთარი მოქალაქეები და არ უნდა იყვნენ კუბილიუსის იმედზე, მთავარი ინდიკატორი არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, არ უნდა იყოს ლაკმუსის ქაღალდი, რომ ჩვენ მივიღოთ ევროპული ოჯახის ბილეთი. დიახ, ევროპაში უნდა შევიდეთ, მხოლოდ ევროპაში და არა სხვაგან, არა ისე, რომ ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდნოდეს. ჯანსაღი, ჭეშმარიტი, ევროპული ღირებულებები გვინდა და არა ის, რასაც თქვენ სპეკულირებთ. დიახ, ევროპა გვინდა, მაგრამ არა ისეთი, დაკვეთების შემსრულებელი, მეორადი სახელმწიფო ვიყოთ. კიდევ ერთხელ მითხარით, სად ჩავასწორო, სად არის მსგავსება რუსულთან, პასუხი არ გაქვთ არცერთს და სპეკულირებთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.