დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილმა პრაქტიკულად ყველაფერს ფარდა ახადა, პასუხი გასცა მთავარ კითხვას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე
დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილმა პრაქტიკულად ყველაფერს ფარდა ახადა, პასუხი გასცა მთავარ კითხვას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე

პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წერილმა პრაქტიკულად ყველაფერს ფარდა ახადა და პასუხი გასცა მთავარ კითხვას, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე.

ამასთან, ხუნდაძის განმარტებით, ქვეყნის ომში ჩართვის რისკები შემცირებულია, მაგრამ კიდევ არსებობს, ამიტომ საჭიროა ქმედება და მთავარი როლი ეკუთვნის საზოგადოებას.

„მან პასუხი გასცა არა მხოლოდ იმ კითხვას, შედგა თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ივანიშვილს შორის, არამედ პასუხი გასცა მთავარ კითხვას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე. ძალიან ბევრი აქცენტია გაკეთებული. მაგალითად ის, რომ დასავლური კურსი არ გადაიხედება და ამას სჭირდება ორმხრივი მოფრთხილება. ასევე, ჩვენ ამ კითხვების შემდეგ გვიჩნდება კიდევ დამატებით ერთი კითხვა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ დათანხმებოდა იმაზე, რასაც მას თხოვდნენ, მაშინ არ იქნებოდა ის ოლიგარქი? არ იქნებოდა საჭირო ალტერნატიული ტექნიკური მთავრობის შექმნა? არ იქნებოდა საჭირო ქუჩის სცენის ასე აქტიურად განვითარება?

რა თქმა უნდა, ეს კითხვა კითხვად რჩება, მაგრამ მთავარია, რომ პრაქტიკულად დაფარული საკითხი, რაც ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს წარმოადგენს ქვეყნისათვის, არის უკვე ფარდაახდილი. რისკები რა თქმა უნდა ისევ არის, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია. საზოგადოების ჩართულობა აუცილებლად მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს. ჩვენ შევაიარაღოთ მეტი სიმართლით, რომ ის სხვა იარაღის მსხვერპლი არ გახდეს. ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების ყველაზე მაღალი ხარისხის დაზღვევის მექანიზმი.

ყველა წინაპირობა, ვგულისხმობ, კულისებში მიმდინარე პროცესები იყო განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენ გაგვიჩნდა კითხვა, ხომ არ შედგა შეხვედრა მათ შორის. ჩვენი კითხვის მთავარი შინაარსი იყო ის რისკები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ შეხვედრამ დაადასტურა, რომ არამარტო შეხვედრა შედგა, არამედ დაადასტურა ის, რომ სწორედ ამ მძიმე თემებზე იყო იქ საუბარი.

ის დეტალები, რომლებზე საუბრისგანაც ჩვენ აქამდე თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, ბოლომდე დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ თავიდან ამ თემებზე საუბარი იყო ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან და ვერ იქნა მიღწეული, შემდეგ იქნა მისამართი არჩეული და შეხვედრა დაგეგმილი ივანიშვილთან იგივე თემებზე. არამარტო ვფიქრობ, წერილშიც ასე იკითხება. ეს რისკები რეალურია. ეს რისკები შემცირებულია, მაგრამ კიდევ არსებობს. ამიტომ, საჭიროა ქმედება და ამ ქმედებაში მთავარი როლი უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას, რომელიც გააკეთებს საკუთარ არჩევანს, პოზიციონირებას მხოლო და მხოლოდ სიმართლეზე დაყრდნობით“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს: „რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“.

ამავდროულად, ივანიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მასსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა. „რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.