დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყვნენ წინააღმდეგი, პროცესი გაგვევითარებინა, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა, გავალთ ხალხში
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელმა შეხვედრამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. როგორც ხუნდაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას და თანამოაზრე დეპუტატებს მიეცათ საშუალება, წარედგინათ ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით მომზადებული კანონპროექტი და დაესვათ ძირითადი კითხვები.
ხუნდაძე ამბობს, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.
ხუნდაძის თქმით, პროპორციული სისტემა და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი იძლევა საშუალებას, დესტრუქციულმა ძალებმა დესტრუქციული ქმედებები გააგრძელონ.
„დღევანდელი შეხვედრაც საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, მაგრამ განსხვავებული სხვა შეხვედრებისგან. არ იყო აქ ზედმეტი დაძაბულობა. მოგვეცა საშუალება, კანონპროექტი წარგვედგინა, დაგვესვა ის ძირითაიდ კითხვები, რასაც გუნდში არაერთხელ ვცდილობდით, რომ მათთვის აგვეხსნა, კითხვებზე პასუხი მიგვეღო. ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით, 2020 წელს არ ვეხებით საარჩევნო სისტემას და ის რჩება შერეული სახით, ანუ მაჟორიტარულ-პროპორციული, ჩვენ საკითხს ვაყენებთ, რომ შემდგომი პროპორციული სისტემა, და საკონსტიტუციო ჩანაწერები იძლევა საშუალებას, საფუძველს იმისას, რომ დესტრუქციულმა ძალებმა გააგრძელონ ქუჩაში მათთვის უკვე ჩვეული და ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები, რაც ქმნის ძირითად საფრთხეს, რომ ამ სისტემით შეიქმნება არასტაბილური პოლიტიკური გარემო. ეს მუდმივად რყევადი და ქუჩური გარჩევების საგანი ხდება. ხედავთ, რომ ქუჩაშია დესტრუქციული ძალა და ისინი ამას ძალიან კარგად ახერხებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ, გვჭირდება ამაზე ამომწურავი პასუხი. ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. პასუხები არ იყო აქამდე ჩვეული, რომ დავპირდით და შევპირდით, მაგრამ, პრაქტიკულად, იყო იგივე, რაც აქამდე მოვისმინეთ კითხვებთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარი ჯგუფის ინიციატივაზე საჭიროა კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა, თუმცა ამას არ დაეთანხა უმრავლესობა.
„ვფიქრობ, ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი. უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, ამაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ვერ მივიღე დადებითი პასუხი კითხვებზე, რომელიც გვაქვს. ამიტომ, გავაგრძელებთ ჩვენს პროცესს, გავალთ ხალხში, გავაცნობთ ჩვენს კანონპროექტს. ვიცავთ ყველა პროცედურულ საკითხს, ვიცავთ ასევე შიდა გუნდურ წესებს. ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყვნენ წინააღმდეგი, ეს პროცესი გაგვევითარებინა ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ და დავაანონსეთ, თუმცა არც ჩვენ ვართ ცოტა. ამიტომ, ვაგრძელებთ პროცესს“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასტან, ხუნდაძის განმარტებით, მის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხი არ განიხილება.
„მე ვარ უმრავლესობის წევრი, ვარ დამფუძნებელი, ვფიქრობ, აქ არაფერი უჩვეულო არ არის. ვარ კანონმდებელი, მაქვს უფლება, მითუმეტეს პროცედურების დაცვით, რომ გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ორპალატიან სისტემას, ამირიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც იქნება გარანტი სტაბილურობის და იმისა, რომ საზოგადოება არ დაკარგავს პირდაპირ კავშირს ხელისუფლებასთან. გუნდიდან გასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ხალხში გასვლას ნამდვილად ვაპირებ“ ,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის აზრით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევია.
„არის დაშვებული შეცდომა, რომ 2024 წელს ნაჩქარევად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ვიდრე ეს შეცდომა რეალურ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, სჯობს, გამოვასწოროთ შეცდომა ჩვენ. თუ შეცდომის გამოსწორებაში გუნდის წევრები არ აგვყვებიან, ამ შეცდომის გამოსწორებას ვეცდებით ჩვენ, ის, ვინც ვართ თანამოაზრები“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ აქვე დასძინა, რომ თანამოაზრეების რაოდენობა 30-ზე მეტია.
„უკვე ვართ 30-ზე მეტი. შევიკრიბებით, შევთანხმდებით და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას. ძირითადი ხაზი არის გამოკვეთილი. ჩვენ გავალთ მოქალაქეებში, დავიწყებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, დავიწყებთ მაჟორიტარული სისტემის გარშემო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“ ,- განაცხად დიმიტრი ხუნდაძემ.
11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. ამ საკითხზე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა.