დიმიტრი ხუნდაძე - არჩევანი თუ დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებას, ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ
არ ველოდები, რომ დასანქცირების მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი 28 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ქართულ კანონზე დადებულ ვეტოს დაძლევს და ის ძალაში შევა.
„28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში. რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, საზოგადოებას აქვს მეტი საშუალება, განსაჯოს, რამდენად ობიექტურია, მაგალითად, ის, რომ კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები, დასავლეთში თავისუფლად დასეირნობს; ასევე, ადეიშვილს, რომელმაც შექმნა მწამებლური რეჟიმი, ევროსტრუქტურებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან. საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მათი ოჯახების წევრები უნდა დასანქცირდნენ. არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ასეთ მიდგომაზე პასუხის უკვე არსებობს – „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“.
„საქართველოში ასეთ მიდგომაზე პასუხი უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება – „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“. როდესაც დასავლეთში დასავლური კანონი არის მაღალი საჭიროების და უკვე რიგი დგას ქვეყნების, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ასეთი ტიპის კანონს იღებენ და საქართველოში იგივე კანონი არის რუსული, ეს არის ორმაგი სტანდარტი. საქართველოში ყველას აქვს უფლება და, მით უმეტეს, ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.