დიმიტრი ხუნდაძე - ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობა, სააკაშვილი გათავისუფლდეს, ხომ არ არის განპირობებული ძველ თუ ახალ ერთობლივ დანაშაულთა გადაფარვით, შეკითხვებს პასუხები სჭირდება
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, თვალს ადევნებენ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას.
მისივე თქმით, პასუხები სჭირდება შეკითხვებს, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, სააკაშვილი გათავისუფლდეს, ძველ თუ ახალ ერთობლივ დანაშაულთა გადაფარვით ხომ არ არის განპირობებული.
„თვალს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას. მსგავსი სახის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი, დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო. იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს. როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რომ არეულობა აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ სცენარის ავტორების მხრიდან სადარდებელია, რომ, თუ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებენ, შესაძლოა, ცუდად ალაპარაკდეს და ბევრ საკითხზე ისაუბროს, რომლებიც შეეხება ავტორებსაც და შემსრულებლებსაც.
რიგი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ხომ არ არის განპირობებული ძველ თუ ახალ ერთობლივ დანაშაულთა გადაფარვისთვის? ამ შეკითხვებს პასუხები სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ავადმყოფი, რომელიც შეპყრობილია ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით. სააკაშვილი სასჯელს ოროთახიან ლუქსპალატაში იხდის, მას მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში ემსახურება და ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა მოტანილი, რომ მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს. საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და ასეთ საკითხებს წყვეტს სამართალი და არა პოლიტიკური დაკვეთები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.