დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილისა და  გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილისა და  გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ მსგავს გაერთიანებას პერსპექტივა არ ექნება.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, თუ ოპოზიციური ველი უფრო კონსტრუქციული და ჯანსაღი გაერთიანებით ჩანაცვლდება, ეს “ქართულ ოცნებასა” და ქართულ პოლიტიკურ ველს წაადგება.

„უსუფაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია, მას პატივს ვცემ და მის პოლიტიკურ საქმიანობას ვაღიარებ, რადგან პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მაგრამ მარგველაშვილთან მის პოლიტიკურ გაერთიანებას სკეპტიკურად ვუყურებ. ჩემი სკეპტიციზმი უფრო მარგველაშვილის მიმართულებითაა, რომელიც დღემდე ვერ გაერკვა, რომელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და საკუთარ კარიერას რომელ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ანვითარებს. შეიძლება, უსუფაშვილს დამოუკიდებლად უფრო მეტი საშუალება და შედეგი ჰქონდეს, ვიდრე არაღირებულებითი გაერთიანების ფონზე”, – განაცხადა ხუნდაძემ.

დავით უსუფაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნა შესთავაზა და საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა.