დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ დავის გაგრძელებას ანა დოლიძე სტრასბურგში გეგმავს
დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ დავის გაგრძელებას ანა დოლიძე სტრასბურგში გეგმავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით სამართლიანობის იმედი არ აქვს, თუმცა, აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლოს.

დოლიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საუბარია ანა დოლიძის სარჩელზე საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ. 2018 წელს გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოსკოვში იმყოფებიდა და რუსული ორგანიზაციის სასარგებლოდ საქმიანობდა. ანა დოლიძემ ეს მაშინვე უარყო და სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც გვრიტიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. საქალაქო სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ დოლიძემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განსახილველად პროცესი წელიწადნახევრის შემდეგ ჩაინიშნა. საბჭოს არამოსამართლე წევრი პროცესის დაგვიანებით დანიშვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უკავშირებს.

„არაერთხელ გავაპროტესტე ფაქტი, რომ დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ჩემი სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ერთი წელი იყი გაჩერებული ამ შენობაში. ერთი წლის წინ, სწორედ წინა წელს, ნოემბერში გავასაჩივრე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე სადაც დიმიტრი გვრიტიშვილმა უნამუსოდ მოიტყუა, დამაბრალა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა და რუსეთის აგენტობა. მაშინ საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გვრიტიშვილის მიერ ხსენებული ფაქტი, რომ მე ვიყავი მოსკოვში, მოსაზრება იყო. ეს ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში. გუშინ მივიღეთ შეტყობინება, რომ მოსამართლე გენადი მაკარიძის თაოსნობით საქმე განიხილება 27 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, დარღვეულია განხილვის ვადები. როგორც მან აღნიშნა, როცა საბჭოს წევრის სარჩელზე სხდომის ჩანიშვნას ერთი წელი დასჭირდა, რაც მეტყველებს იმაზე, რა მდგომარეობაში აყენებენ სასამართლოები მოქალაქეებს.

„ამასთან, მაკარიძე სექტემბერში დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში, სულ ორი თვის წინ დაწინაურდა „კლანის“ მიერ. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, რატომ შეიცვალა მოსამართლე ჩემ საქმეზე და რატომ დაეწერა სახელდახელოდ დანიშნულ ერთ-ერთ ფავორიტ მოსამართლეს ეს საქმე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს საქმის მოგების იმედი არ აქვს და დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოშიც გეგმავს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 27 ნოემბერს ჩაინიშნა.

„საქმის განხილვის დანიშვნა უკავშირდება უზენაეს სასამართლოსი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დასრულებას. ახლა უკვე „კლანი“ გადის ბოლოში. მათი რამდენიმე მოსამართლე აღმოჩნდება უზენაეს სასამართლოში, მათ შორის სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლეები. შესაბამისად, კლანს გარანტირებული აქვს, რომ თუ ჩემი საქმე უზენაეს სასამართლოში მოხვდება, იქ კლანის სამოქალაქო მოსამართლეები დახვდებიან. რა თქმა უნდა, ვიდავებ ჩვენს სასამართლოებში, მაგრამ წინასწარ განწყობილი ვარ, რომ აქ არ მაქვს სამართლიანობის პოვნის იმედი და საბოლოო ჯამში, ეს საქმე წარიმართება სტრასბურგში“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.