დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ხარვეზი არ არის, ბრალდებები კი, უსაფუძვლოა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არანაირი ხარვეზი არ არის. დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ბრალდებებს პასუხობს და მათ განცხადებებს ტყუილს უწოდებს.
დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით ბრალდებას რაც შეეხება, ხვალ 11:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორისა და სახალხო დამცველის მონაწილეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს. მათი განცხადება გამოჩნდა ტყუილი. ანალოგიურად ისინი საუბრობენ სხვა მოგონილ დარღვევებზე.
რაც შეეხება ინტერესთა შეუსაბამობას, საბჭოს წევრს თავად შეუძლია განაცხადოს თვითაცილება, თუმცა ის თუ ამას არ აკეთებს, სხვა წევრებს არ აქვთ უფლება ზემოქმედება მოახდინონ. თუ იქნება კანდიდატებისგან შემოსული დასაბუთებული შუამდგომლობა, ჩვენ ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა
რაც შეეხება ბრალდებას, რომ უზენაეს სასამართლოს კანდიდატთა ბიულეტენები იყო მსგავსი, საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი უსაფუძვლოს უწოდებს.
„კოლექტიური შეთანხმება არ ყოფილა, გამორიცხულია. კონკურსებში კანდიდატებს მიუღიათ სხვა დროსაც საბჭოს წევრებისგან 15 ხმა, ეს კი გამორიცხავს, რომ მე და ნაზი ჯანეზაშვილმა ან სხვამ მოვილაპარაკეთ კანდიდატზე. როგორც იქ მოხდა შეჯერება შემთხვევით, აქაც იგივე შეიძლება მოხდა და კონკრეტული კანდიდატები იყოს მისაღები“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას ითხოვენ.