დიმიტრი გვრიტიშვილი - უკრაინის ხელისუფლებამ სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, ფაქტობრივად, სუვერენიტეტზე უარი თქვა, ყველგან აღშფოთებას უნდა იწვევდეს, რომ ვიღაც უცხოელმა მოსამართლეები დაგინიშნოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაა, როდესაც მოსამართლე საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეფორმის გატარებას ცდილობს და ამაში ვიღაც ხელს უშლის.
„საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება რეგლამენტით დადგენილი წესით, დანაშაულის ნიშნებზე არ ვსაუბრობ ახლა, დანაშაულის ნიშნები არის თუ არა, ესეც სამსჯელოა. ჩემი აღქმით, როდესაც არის მოსამართლე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი და ცდილობს, სასამართლოს ინტერესის შესაბამისი რეფორმა გატარდეს, კანონი ჩამოყალიბდეს ისე, როგორც, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტებს და ვიღაცას ეს არ მოსწონს და ცდილობს, სტანდარტების საწინააღმდეგო მიმაღებინოს, შემაცვლევინოს ჩემი მოსაზრება, რისთვისაც გარკვეულ ბერკეტებს იყენებს, შეიძლება, ეს არ იყოს სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული, მაგრამ სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაა. საბოლოო ჯამში, მიზანი ნათელია, ერთი ჯაჭვის კონკრეტული რგოლებია. ჩამოვთვალე სახელმწიფოები, განვიხილე უკრაინისა და ალბანეთის მაგალითები – იმავე სქემით, იმავე ორკესტრირებული შეტევებით, იმავე ე.წ. რეფორმებით, რაც განხორციელდა ამერიკელების და საელჩოების ჩართულობით“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
კითხვას, „აღნიშნული სახელმწიფოების სუვერენიტეტიც ხელყო ამერიკამ“, გვრიტიშვილმა უპასუხა, რომ ამისი თქმა სურს. მისივე განცხადებით, ყველა ხალხისთვის აღშფოთებას უნდა იწვევდეს ფაქტი, რომ უცხოელმა სხვა ქვეყანაში მოსამართლეები დანიშნოს.
„კი, ამას ვამბობ. უკრაინის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, უკრაინის სუვერენიტეტზე უარი თქვა, გადააბარა რა, მაგალითად, მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილება ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ რაღაც გაურკვეველ კომისიას, რომელსაც თურმე უფლება ჰქონია, კონსტიტუციური ორგანოს, მართლმსაჯულების საბჭოს კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერება შეაფასოს, შემდგომ გააუქმოს. ვფიქრობ, ხალხი როდესაც აფასებს დამოუკიდებლობას, როდესაც ხალხს და მის წინაპრებს უბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, სისხლი დაუღვრია, ყველა ხალხისთვის აღშფოთებას უნდა იწვევდეს ფაქტი, რომ ვიღაც უცხოელმა ქვეყანაში მოსამართლეები დაგინიშნოს“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.