დიმიტრი გვრიტიშვილი - შესაძლებელია, ვახტანგ მჭედლიშვილი გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა
ვახტანგ მჭედლიშვილის საქმიანობას საბჭოში დადებითად ვერ შევაფასებ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებები ხშირად დაუსაბუთებელი იყო. დიმიტრი გვრიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ მჭედლიშვილი გარკვეული ძალების დაკვეთებს ასრულებდა.
„ვახტანგ მჭედლიშვილი, ხშირ შემთხვევაში არ მონაწილეობდა საბჭოს საქმიანობაში. ხშირად მისი განცხადებები იყო გარკვეულწილად დაუსაბუთებელი და მოსამართლე წევრების მიმართ ცილისწამების ელემენტებს შეიცავდა. მისი ინიციატივები ხშირად მიზნად ისახავდა გარკვეული საკითხების დროში გაჭიანურებას. ზოგადად, მჭედლიშვილის საქმიანობას საბჭოში დადებითად ვერ შევაფასებ. შესაძლებელია, იგი გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა. აშკარად, რიგ შემთხვევებში, ვერ ვხედავდით მოტივაციას და ჯანსაღ აზრს მის ინიციატივებსა და ქმედებებში”,- განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. მჭედლიშვილი პრეზიდენტის კვოტით იყო წარდგენილი. ახალი კანდიდატის დასახელება კი კანონით ხვალამდე უნდა მოხდეს.