დიმიტრი გვრიტიშვილი - სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმის შემთხვევაში, დაცვის ფუნქცია არა ინდივიდუალურ მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება
მოსამართლეებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმის, მით უმეტეს, უსაფუძვლო თავდასხმის შემთხვევაში, დაცვის ფუნქცია ეკისრება არა ინდივიდუალურ მოსამართლეს, არამედ სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კითხვას, მისი აქტიურობა სოციალურ ქსელში რამდენად ჯდება მოსამართლეთა ეთიკის სტანდარტებში.
დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან საერთაშორისო ფორუმის დაწყებისას ისაუბრა. ფორუმი თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.
გვრიტიშვილის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სწორედ საბჭოს წევრი არის ვალდებული, უპასუხოს სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმას.
„გარდა იმისა, რომ ვარ მოსამართლე, მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სწორედ ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებზეც დღეს ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები გვესაუბრებიან, ადგენენ, რომ თუ ხდება თავდასხმა, განსაკუთრებით უსაფუძვლო თავდასხმა, მოსამართლეებზე სასამართლო ხელისუფლებაზე, დაცვის ფუნქცია ეკისრება არა ინდივიდუალურ მოსამართლეს, არამედ სწორედ იუსტიციის საბჭოს ან მოსამართლეთა პროფესიულ გაერთიანებას, ასოციაციას. აქედან, გამომდინარე, მე ვაქტიურობ, როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ეს არის მანდატი მონიჭებული მოსამართლეებისგან და მანდატი გამყარებული სწორედ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომ მე მსგავსი უსაფუძვლო შეტევისას დავიცვა სასამართლო ხელისუფლება და მოსამართლეები“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, მოსამართლის სოციალურ ქსელში აქტიურობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა.
„მაგალითად, ისეთი უნივერსალური ქცევის პრინციპები, როგორიც არის „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები“, რომელიც საერთაშორისო დონეზე აწესებს ეთიკურ სტანდარტებს მოსამართლეებისთვის, ისიც კი არ შეიცავს ნორმებს სოციალურ ქსელებში მოსამართლეების აქტივობასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა გლობალურად დგას. როგორც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისი ჯგუფი მუშაობს, რათა „ბანგალორის პრინციპებშიც“ კი აისახოს ნორმები სოციალურ ქსელებში აქტიურობასთან დაკავშირებით. ვეცდებით, ეს ყველაფერი ჩვენს სამოსამართლო ეთიკის წესებში ავსახოთ“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.