დიმიტრი გვრიტიშვილი - პარლამენტშიც არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას კანდიდატებზე თავდასხმით შეეცდებიან
„პარლამენტშიც არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, საკუთარი პოლიტიკური დივიდენდები დააგროვონ კანდიდატებზე თავდასხმით“, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე საუბრისას განაცხადა.
საბჭოს წევრს აქვს მოლოდინი, რომ კანდიდატები მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში სრულ მხარდაჭერას მოიპოვებენ.
„მე ვფიქრობ, შერჩეული კანდიდატები თავიანთი კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის დონით, ნამდვილად იმსახურებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერაც მოიპოვონ. მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება ისევ კრიტიკული შეკითხვების დასმა, ახლა უფრო მეტი სუბიექტის მონაწილეობით იმიტომ, რომ აქ მხოლოდ ორი წევრის დესტრუქციული ქმედებების შედეგად ხდებოდა გარკვეული სიმწვავის ელემენტების შეტანა პროცესში. იქაც არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, რომ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდები დააგროვონ კანდიდატებზე თავდასხმით.
პროცედურა დარეგულირებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, იურიდიულ კომიტეტში ხდება კანდიდატების საჯარო მოსმენა, დაველოდოთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ წარდგენილ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა საბოლოოდ ექნებათ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი 4 სექტემბერს კენჭისყრის შედეგად შეარჩია.